აქტიური ადამიანის ცხოვრება მრავალფეროვანია, თუმცა, ის განსაკუთრებით საინტერესო მაშინ ხდება, როცა ზუსტად იცი რა გინდა და მიზნისკენ მიმავალ გზას თითქმის უშეცდომოთ გადიხარ. იყო ქალი და მართავდე არაერთ კომპანიას, დიდ შრომასთან ერთად, იმ ნებისყოფასაც მოითხოვს, რომელიც ლიდერის თვისებების აუცილებელი ატრიბუტია. ცივ გონებაზე საკითხის გადაჭრა კი, ყველაზე თბილი და სასურველი საქმის წარმატების გარანტიაა.
„და… ქალი“ ფინჯან ყავაზე სასაუბროდ განსაკუთრებულ ქალბატონთან გპატიჟებთ. ეს არაფორმალური მასტერკლასი კი, გვერწმუნეთ, ახალ აღმოჩენებს ნამდვილად გაგაკეთებინებთ.
თიკა რუხაძე
კომპანიების – „ეისითი“ ჯგუფის, „გროუინის“ და ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ დამფუძნებელი
რას ნიშნავს იყო საქმიანი ქალი
„იცით რას ნიშნავს იყო ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ქალი? ვიდრე ამ სტატუსს მიიღებდე გადატანილი გქონდეს დიდი ბრძოლა, თუნდაც საკუთარ თავთან და სტერეოტიპების მსხვრევის გამოცდაც წარმატებით გქონდეს ჩაბარებული. გაგიკვირდებათ და ყველა ქვეყანაში ქალებს თითქმის ერთი და იგივე რამ აწუხებთ. მუდმივი წუწუნი და ნერვიულობა იმასზე, რატომ მეტი დრო არ მოახმარე ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და როგორ მოასწრო დროის მცირე მონაკვეთში ყველაფერი, თან ამ ყველაფერთან ერთად არ დაკარგო შენი მთავარი ხიბლი – ქალურობა. ეს ემოციური ტიპის პრობლემები მსოფლიო ქალებს გვაერთიანებს და ძალიან დიდი რესურსი გვჭირდება, რომ შინაგანი ბალანსი იპოვო“.
13 წელი და დაქალების ვა-ბანკი, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა
„13 წლის წინ, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა „ეისითი“ ჯგუფი დავაარსეთ, დედაჩემის ჩათვლით, ყველას გიჟები ვეგონეთ. მამაჩემისთვის დღემდე გაუგებარია, კონკრეტულად რას ვაკეთებ. იმ სკეპტიციზმის მიუხედავად, რასაც ახლობლები ამჟღავნებდნენ, შევიკრიბეთ ოთხი მეგობარი, წამოვედით სამსახურებიდან და შევქმენით კომპანია. თავიდან სამი პატარა ოთახი გვქონდა, სადაც ხუთი კაცი ძლივს ვეტეოდით. ბუღალტერიც ვიყავი, კონსულტანტიც და იურისტიც. ჭურჭლის რეცხვაზე კი მორიგეობა გვქონდა დაწესებული, რადგან დამლაგებელის დავიქირავება არ შეგვეძლო. დღეს, კომპანიას ჰყავს 60 მუდმივი და 800 კონტრაქტზე მომუშავე თანამშრომელი. ოფისები კი 10 ქვეყანაში გვაქვს. თავიდანვე გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი სოლიდური კომპანია, რომელსაც, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია კი არ ჩაყლაპავდა, პირიქით, მიიღებდა საერთაშორისო სტატუსს და საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდოდა. ეს არის ჩემი ძირითადი სამსახური, თუმცა 2015 წელს, პარტნიორებთან ერთად დავაფუძნე, საქართველოში პირველი ქოუჩინგ-კომპანია „გროუინი“, რომელიც გახლავთ ერიქსონის საერთაშორისო ქოუჩინგ ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკაკასიაში. იმავე წელსვე, გადაწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვლილი შემეტანა მის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით, თანამოზარეებთან ერთად, ქალთა ბიზნეს-ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ შევქმენი, რომლის თავმჯდომარეც გახლავართ. საკუთარი ბიზნესის მართვის პარალელურად, 2006 წლიდან ჩართული ვიყავი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმიანობაში, თავდაპირველად როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2013-2014 წლებში კი, როგორც საბჭოს თავჯდომარე. ასევე აქტიურად ვმუშაობ საგანმანათლებლო მიმართულებითაც – 2007 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დროს, ვკითხულობდი ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს სკოლაში, საერთაშორისო ბიზნესის სკოლასა და საქართველოს უნივერსიტეტში“.
ბიზნესის კეთება vs ფულის კეთება
„არსებოს საქმეები, რომელსაც ბოლომდე დახარჯვის და გულის ჩადების გარეშეც გააკეთებ. მე განვასხვავებ ბიზესის კეთებას ფულის კეთებისგან. პირველის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რაღაც ღირებულს ქმნი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და რაშიც მომხმარებელი ფულს სიამოვნებით იხდის. რაც შეეხება მეორეს, ის შედარებით მარტივია, რადგან მასში კორპორაციული ფასეულოები არ არის“.
არც ისე ლირიული გადახვევა
„სამუშაო მაგიდაზე მუდმივად მაქვს ლეპტოპი, მობილური, კალენდარი, სადაც ყველაფერს ვინიშნავ და ფურცელი კალმისტრით, ასეთი ჩვევა მაქვს, რომ ფიქრის პროცესში ყიველთვის რაღაცას ვხატავ, მართალია გაურვეველ ფიგურებს მაგრამ, ასეთი ჩვევა მაქვს“.
საქმე სქესის გარეშე
„მთავარია იყოს მოტივირებული თანამშრომელი, თორემ სქესს სულ არ ააქვს მნიშვნელობა, თუმცა, ჩვენი პროფილი, ვგულისხმობ „ეისითი“ ჯგუფს, სადაც, ძირითადათ მარკეტინგულ და სოციალურ კვლევებს ვაწარმოებთ, მაინც ქალების საქმედ მიიჩნევა. სამწუხაროდ, მამაკაცი ინტერვიუერების ოჯახში შეშვება პრობლემაა და ამიტომ, ამ კუთხით არჩევანს სანდომიან ქალბატონებზე ვაკეთებთ. მე ვიტყოდი, რომ, შინაგანი მოწესრიგებულობით ქალი სჯობნის კიდეც მამაკაცს, თუმცა, მათ შორისაც არიან პედანტები. მამაკაცი საქმეში უფრო აგრესიულია, მაგრამ, ეს საქმისთვის კარგიც არის. მათ ბიზნეს სამყაროში შეღწევა კი, ქალისთვის საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, წლების განმავლობაში ვისწავლე მამაკაცების ენა“.
თამაშის დაუწერელი წესები
„თანამშრომლობას რაც შეეხება, ყველასთან გვიწევს, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან. 13 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა ტიპის კვლევა გვაქვს ჩატარებული, თუმცა გავიხსენებ მოლდოვაში, ახლახანს წარმატებით განხორციელებულ პროექტს, რომელიც მრავალმხრივ მასშტაბური აღმოჩნდა და 2 მილიონი კონტრაქტი გახლდათ. მთავარი ჩვენს საქმეში არის თამაშის წესი, ანუ რამდენად კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გაქვს საქმის მიმართ. ამ ურთიერთობებს არეგულირებს დაუწერელი კანონები. არსებობს ე.წ. ექსკლუზიური კონტრაქტების თემა, რაც ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ გავალდებულებს, მხოლოდ ამ კომპანიას შესთავაზო შენი სერვისი და ჩვენც გვიმუშავია ასე. კლიენტმა, შეიძლება, არ გადაიხადოს თანხა ექსკლუზიურ კონტრაქტში, მაგრამ, მასთან ურთიერთობა კომპანიისთვის იმდენად ღირებული იყოს, რომ უსიტყვოდ მოვერიდო მის პირდაპირ კონკურენტთან მუშაობასა და ერთჯერად პროექტს. ჩვენს საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, როგორიც არსებობს ექიმსა და პაციენტს შორის“.
ოქროს ზღვარი და ვარიაციები ბედნიერებისათვის
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პირად და სამსახურეობრივ ცხოვრებას შორის ზღვარი არ მქონდა, როცა კლიენტს პრობლემა ჰქონდა, მეგონა ქვეყანა იქცეოდა, თუმცა მეექვე წელი ეს ოქროს შუალედი მოვძებნე და ეს ორი საქმე მკვეთრად გავმიჯნე. ვისწავლე, რომ არაფერი ისეთი არ გავაკეთო, რაც საკუთარი შინაგანი კომფორტის წინააღმდეგ წამიყვანს. ნებისმიერ სიტუაციაში პირველი რასაც ვაკეთებ, საკუთარ თავს ვეკითხები, ეს ხომ არ გამხდის უბედურს, თუ ასეთი მოლოდიები ვიგრძენი დელეგირებას ვცვლი და საკითხის სხვა კუთხიდან მოგვარებას ვცდილობ“.
რით განსხვავდება წარმატებული ქალი კაცისგან
„ქალს, საპირისპირო სქესისგან ის განასხვავებს, რომ საკუთარი თავით მუდმივად უკმაყოფილოა, კაცი კი, მიღწეული წარმატებებით მუდმივად ამაყობს. სხვათაშორის, ჩემი მეუღლე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც კარგად დამანახა, რომ რაღაცეები მეც მქონდა გაკეთებული. ის პირველ რიგში ჩემი მხარდამჭერია, მასაც საკუთარი საქმე აქვს და კარგად ესმის რას ნიშნავს ეს. ეს აღიარება კი, ჩემთვის დიდი სტიმული იყო და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ყველა ქალს სჭირდება გვერდით ჰყავდეს კარგი მეგობარი, რომელიც მას გაუგებს და თანაუგრძნობს. რაც შეეხება შვილებს, რომლებიც პირველი ქორწინებიდან მყავს, ისინი უკვე დიდები გოგოები არიან და თავისი ცხოვრება აქვთ. უფროსმა სწავლა დაამთავრა და გერმანიაში მუშაობს, მეორე კი პარიზში სწავლობს“.
რა მოაქვს ასაკს…
„ასაკს მოაქვს ძალიან ბევრი სიკეთე, ნუ ნაოჭებს არ ვგულისხმობ. (იცინის) თუ ადრე მხოლოდ შავ-თეთრს ფერებს ვხედავდი, ახლა ეს პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია. თუ შეუწყნარებელი და ნაკლებად მიმტევებელი ვიყავი, დღეს ბევრად მეტი სიმშვიდე და კეთილშობილებაა ჩემში. ადამიანების მეტად დაფასება ვისწავლე. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ყველა ჩვენთაგანში უზარმაზარი პოტენციალია და მას დანახვა უნდა“.
ერთი, ორი, სამი…
„პირველი მიზანი არის ის, რომ „ეისითი“ ჯგუფი მინიმუმ 20 ქვეყანაში იყოს წარმოდგენილი. გეგმაც მაქვს დასახული, რომ ამის განხორციელება 7 წელიწადში შევძლო. მეორე მიზანია, რომ ქალთა ასოციაცია გავაძლიერო. ეს არ გახლავთ ელიტური კლუბი, მასში მეწარმე და საქმიანი ქალები არიან გაერთიანებული. მინდა ჩვენი მუშაობის მასშტაბიც გავზარდო და მეტადაც გავაქტიურდეთ. მესამე მიზანი კი, როგორც ერთხელ ჩემა შვილმა მითხრა, ის გახლავთ, რომ მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვიყოთ (იცინის)“.
დავით მაღლაფერიძე