მისი სამუშაო დღე, დილის ხუთ საათზე იწყება. ასეთი ბიოლოგიური რითმით ცხოვრებას დიდი ხანია შეეჩვია და ამბობს, რომ ნამდვილი ტოროლაა. ასეც, რომ არ იყოს სოფელში ცხოვრობს, სადაც საქმეს რა გამოლევს. ასეთი წესი 3 წელია უკვე არ დარღვეულა, მანამდე იყო დედაქალაქი და სულ სხვა პროფესია, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოულოდნელად შეაწყვეტინეს და იძულებული გახდა გადარჩენისა და ოჯახის რჩენის ალტერნატიული საშუალებები მოეძებნა, ასეც მოიქცა
ანა მიქაძე
მეყველე
„იმაზე დიდი რეგალია, რაც მეყველა, პირადათ ჩემთვის არაფერია, ამიტომ, საკუთარ თავს სოფლელ მეყველეს ვეძახი, თუმცა მანამდე, ანუ 2003 წლამდე სულ სხვა საქმე იყო. გაგიკვირდებათ და ეს მეყველე ქალი საინფორმაციო და ინტერნეტ ტექნოლოგიებით ვიყავი გატაცებული, მეტიც, თუ ხმამაღალი განაცხადი არ იქნება, საინფორმაციო საზოგადოებასაც კი ვაშენებდით და ამ მიმართულებით გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო პროექტებზე ვმუშაობდი. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დასრულდა. საკმაოდ დიდი ოჯახი მყავს და მათი რჩენა, რომ შემძლებოდა და ელემენტარული საარსებო თანხა გვქონოდა, ბინაც კი გავყიდე. ამასობაში, ერთი საინტერესო წიგნის გამოცემა გადავწყვიტეთ, რომელსაც „საქმიანი საქართველო“ ერქვა და ყველთან და ზოგადათ რძის პროდუქტებთან პირველი შეხება სწორედ აქ, ეთნოგრაფიის კუთხით მქონდა, თან, ტელევიზიით პრეზიდენტის გამოსვლაც დაემთხვა, რომელსაც ხელში ყველი ეჭირა და სინანულით ამბობდა – ქართული ყველი ძალიან გემრიელია, მსგავსი არაფერი მიჭამია და პირველი კითხვა, რაც ამ დროს დამებადა, იყო ის თუ რატომ გვაქვს ასე ცუდად შეფუთული, ასეთი გემრიელი ყველი? მანამდე ამ პროდუქტის ჩვეულებრივი მომხმარებელი ვიყავი და სულგუნის, იმერულის, გუდისა და ქარხნული ყველის გარდა სხვა სახეობა არც ვიცოდი. ჩოგი, მოთალი, ტენილი, შორა, დამბალხაჭო – ეს აბსოლუტურად უცხო და უცნობი ტერმონები იყო ჩემთვის და მათ მხოლოდ გურმანთა ვიწრო წრეებში იცნობდნენ. დამეთანხმებით, სამეურნეო კულტურიდან ყველაზე გამოუკვლევი და დაუფასებელი საქართველოში რძის პროდუქტები იყო. ჩვენთან ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ღვინო, თაფლი და ასე შემდეგ და უსამართლოდ გახლდათ დაჩაგრული ყველი. საკითხში გასარკვევად, დახმარება მეგობარს, საუკეთესო ეთნოგრაფს თამარ ცაგარეიშვილს ვთხოვე, რომელმაც პატარა ბროშურა მათხოვა, სათაურით „რძე და რძის კულტურა საქართველოში“. ამ სფეროთი ჩემი „დაავადებაც“, სწორედ აქედან დაიწყო, რომელსაც ჯერ, არცერთი წამალი არ კურნავს“. (იცინის)
„დაავადება“ კიდევ უფრო მასშტაბური მას შემდეგ გახდა, როცა რძის ამ განსაკუთრებულ პროდუქტზე შეყვარებულმა ქალმა, საქართველოს ფეხდაფეხ შემოვლა გადაწყვიტა. ამით საშუალება ჰქონდა ადგილზე ენახა ყველის მომზადების კულტურა, გაეცნო უძველესი ტრადიციები, რომელიც განსხვავებული და იმავდროულად, ძალიან საინტერესო იყო. აღმოჩენების პროცესი გრძელდებოდა, ხიბლი და „მოწამვლა“ კი არნახულ მასშტაბს იძენდა.
„პირველად სამცხე-ჯავახეთს ვესტუმრე და საქმეს მარტო შევუდექი. მანამდე კი, ეს თემა შეიძლება ითქვას არავის აინტერესებდა. ყველს რომ ვახსენებდი, ადამიანებს ეცინებოდათ და არასერიოზულად უყურებდნენ ამ საკითხს. უცხოელები გვიწუნებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ყველი ძალიან მარილიანია. სამწუხაროდ, ქართველი ექსპერტებისგანაც არ იყო სახარბიელო შეფასებები. მაგრამ, როგორც გითხარით, იმ საოცარ წიგნში წაკითხულით მონუსხული ისე ვიყავი და ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავად მეჩვენებოდა, გადავწყვიტე, უკან არ დამეხია. შვიდი წლის განმავლობაში, საქართველოს თითოეულ რეგიონი მოვიარე და ჩვენი ყველის კულტურა გულდასმით შევისწავლე. სოფელ-სოფელ სიარულის დროს კი, ჭკუიდან მშლიდა ყოველი ახალი სახეობის გაცნობა, მათი ფერი, გემო და არომატი. სიარული, რომ დავასრულე, ამ თემებზე საუბარი უკვე სოციალურ ქსელებში გავაგრძელე. ყველა აღმოჩენას რაც მოძიებული მქონდა, ისე ვაფორმებდი მეც ვგიჟდებოდი და არც სხვებს ჰქონდათ კარგი დღე“.(იცნის)
სოფელ-სოფელ სიარულმა და მრავალწლიანი ძიების პროცესმა ნაყოფი გამოიღო – დაიბადა პროექტი „ქართული ყველი“. დღეს, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა Google – ც კი, ანა მიქაძეს ქართულ ყველთან აიგივებს და პირიქით. არადა, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ჭურჭლის ასლებიდან, ერთ-ერთი ყველის ჭურჭელია და ის არც მეტი, არც ნაკლები 6 000 წლისაა.
„მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 28 საუკუნის წინანდელი ექსპონატები, სადღვები და ე.წ. სარძევეები. ეს თიხის სრულყოფილი ნამუშევრებია. ყველა ნივთს ეტყობა შემქმნელ ოსტატთა გამოცდილება და დახვეწილი კულტურა. როცა, ამ ფაქტებს ვეცნობოდი, გაოცებული ვიყავი და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ქვეყანას, რომელსაც ყველის წარმოების ამდენსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მხოლოდ სულუგუნი, იმერული, გუდა და ე.წ. ქარხნის ყველი ჰქონოდა?!“.
წლები, მხოლოდ ციფრები არაა. ადამიანისთვის ის ცხოვრებისეული აღნმოჩენებისა და გამოცდილების დაგროვების კარგი შანსია, როცა ორმოცს გადაცდები, შეიძლება მიწის ყივილმა მშობლიური ქალაქიც კი მიგატოვებინოს და სოფლად გადაგასახლოს. ასე მოხდა ანას შემთხვევაშიც.
„მიწის ყივილმა და ამ საქმიანობის დიდმა სიყვარულმა სოფელ მისაქციელში გადამასახლა, სადაც პატარა საწარმოს ვაშენებ და ექსპერიმენტებს ვატარებ. 60 კვადრატული ნაგებობა, გარედან მთლიანად შემინულია და შიგნით ხელით გაკეთებული ყველის საწარმო, ქვემოთ კი ძროხების სადგომი იქნება. როგორც ჩანს, ოდესღაც აქ, საბჭოთა წლებში ფერმა იყო და დამხვდა ასე დანგრეული. ასევე, ვაპირებ ჩემი შოუ-რუმის გაკეთებას, რომელიც აუცილებლად მუზეუმის სტატუსით იქნება და სადაც მასტერკლასების გავაკეთებას შევძლებ. მოკლედ, რომ გითხრათ, ეს იქნება ეთნოგრაფიული საწარმო, მუზეუმის დატვირთვით და ნებისმიერ მსურველს არა მხოლოდ მისი მონახულების, არამედ პროცესში მონაწილეობის საშუალებაც ექნება. ვასრულებთ სათბურის მშენებლობაც. მაქვს პატარა მწყერის ფერმა. ასევე, განსაკუთრებულად ვუვლი ბოსტანს, სადაც ნატურალური მწვანილი და ბაღჩეული მომყავს. სწორედ ახლახანს ნიორგი დავრგე. ვკალმავ ვარდისფერ რქაწითელს, რომელიც, სხვათაშორის იშვიათია, მინდა მისი დაფესვიანება და სანერგის გაკეთება. მყავს ფრინველები და ცხოველებიც, მათ შორის 4 ძაღლი და 10 ლეკვი. გამიმართლა იმაში, რომ ქვემო ქართლში ვხოვრობ, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული, სამეურნეო სამოთხე გახლდათ. აქ მოყვანილი ბაღჩეულით კი მთელი კავშირი მარაგდებოდა“.
აგრო ტურიზმის კერას, რომელაც ქალაქიდან სოფლად გადასული ქალი მონდომებით აშენებს, ზურგს ის ფესტივალიც უმაგრებს, რომელიც საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით უკვე ყოველწლიურად იმართება. სტუმრები, როგორც წესი საინტერესო სანახაობის მომსწრენი ხდებიან. ოსტატების მიერ ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველი საოცრებებს ახდენს, მათზე მოთხოვნა კი დღითიდღე იზრდება.
„საქართველოში ყველის წარმოება ასწლეულებს ითვლის. ქართული ყველის ათეულობით სახეობა უნიკალურია როგორც საგემოვნო, ასევე წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება და წარმოჩენა, რომლებიც არ კარგავენ წარმოების უძველეს, ტრადიციულ ტექნოლოგიებს და მომავალ თაობებს გადასცემენ წინაპრებისგან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ვფიქრობ ეს ფესტივალი ამითაც უნიკალურია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის პერსპექტივა, რაც ქართულ ყველს მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად აქვს. წლევანდელ ფესტივალზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობა: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი,შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილიყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველისნაირი სახეობები და სხვა. ასევე, ფესტივალის ფარგლებში გავმართეთ კონკურსიც, სადაც წლის ყველის მწარმოებელი რეგიონი და ხალხის რჩეული ყველი გამოვლინდა“.
ყველზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მასზე უგონოდ შეყვარებული ქალი, ამ საქმეს ოპტიმისტურად უყურებს და ფიქრობს, რომ 3 დან 7 წლის განმავლობაში, მისი საქმიანობა კიდევ უფრო დაფასდება, მანამდე კი ისევ შეუსვენებლად იმუშავებს, რომ ქართული ყველი მსოფლიო ბრენდათ იქცეს.
დავით მაღლაფერიძე