Archive for the ‘Uncategorized’ Category

1 (5)მისი სამუშაო დღე, დილის ხუთ საათზე იწყება. ასეთი ბიოლოგიური რითმით ცხოვრებას დიდი ხანია შეეჩვია და ამბობს, რომ ნამდვილი ტოროლაა. ასეც, რომ არ იყოს სოფელში ცხოვრობს, სადაც საქმეს რა გამოლევს. ასეთი წესი 3 წელია უკვე არ დარღვეულა, მანამდე იყო დედაქალაქი და სულ სხვა პროფესია, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოულოდნელად შეაწყვეტინეს და იძულებული გახდა გადარჩენისა და ოჯახის რჩენის ალტერნატიული საშუალებები მოეძებნა, ასეც მოიქცა

ანა მიქაძე

მეყველე

„იმაზე დიდი რეგალია, რაც მეყველა, პირადათ ჩემთვის არაფერია, ამიტომ, საკუთარ თავს სოფლელ მეყველეს ვეძახი, თუმცა მანამდე, ანუ 2003 წლამდე სულ სხვა საქმე იყო. გაგიკვირდებათ და ეს მეყველე ქალი საინფორმაციო და ინტერნეტ ტექნოლოგიებით ვიყავი გატაცებული, მეტიც, თუ ხმამაღალი განაცხადი არ იქნება, საინფორმაციო საზოგადოებასაც კი ვაშენებდით და ამ მიმართულებით გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო პროექტებზე ვმუშაობდი. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დასრულდა. საკმაოდ დიდი ოჯახი მყავს და მათი რჩენა, რომ შემძლებოდა და ელემენტარული საარსებო თანხა გვქონოდა, ბინაც კი გავყიდე. ამასობაში, ერთი საინტერესო წიგნის გამოცემა გადავწყვიტეთ, რომელსაც „საქმიანი საქართველო“ ერქვა და ყველთან და ზოგადათ რძის პროდუქტებთან პირველი შეხება სწორედ აქ, ეთნოგრაფიის კუთხით მქონდა, თან, ტელევიზიით პრეზიდენტის გამოსვლაც დაემთხვა, რომელსაც ხელში ყველი ეჭირა და სინანულით ამბობდა – ქართული ყველი ძალიან გემრიელია, მსგავსი არაფერი მიჭამია და პირველი კითხვა, რაც ამ დროს დამებადა, იყო ის თუ რატომ გვაქვს ასე ცუდად შეფუთული, ასეთი გემრიელი ყველი? მანამდე ამ პროდუქტის ჩვეულებრივი მომხმარებელი ვიყავი და სულგუნის, იმერულის, გუდისა და ქარხნული ყველის გარდა სხვა სახეობა არც ვიცოდი. ჩოგი, მოთალი, ტენილი, შორა, დამბალხაჭო – ეს  აბსოლუტურად უცხო და უცნობი ტერმონები იყო ჩემთვის და მათ მხოლოდ გურმანთა ვიწრო წრეებში იცნობდნენ. დამეთანხმებით, სამეურნეო კულტურიდან ყველაზე გამოუკვლევი და დაუფასებელი საქართველოში რძის პროდუქტები იყო.  ჩვენთან ძალიან კარგად არის წარმოჩენილი ღვინო, თაფლი და ასე შემდეგ და უსამართლოდ  გახლდათ დაჩაგრული ყველი. საკითხში გასარკვევად, დახმარება მეგობარს, საუკეთესო ეთნოგრაფს თამარ ცაგარეიშვილს ვთხოვე, რომელმაც პატარა ბროშურა მათხოვა, სათაურით „რძე და რძის კულტურა საქართველოში“. ამ სფეროთი ჩემი „დაავადებაც“, სწორედ აქედან დაიწყო, რომელსაც ჯერ, არცერთი წამალი არ კურნავს“. (იცინის)

1 (4)„დაავადება“ კიდევ უფრო მასშტაბური მას შემდეგ გახდა, როცა რძის ამ განსაკუთრებულ პროდუქტზე შეყვარებულმა ქალმა, საქართველოს ფეხდაფეხ შემოვლა გადაწყვიტა. ამით საშუალება ჰქონდა ადგილზე ენახა ყველის მომზადების კულტურა, გაეცნო უძველესი ტრადიციები, რომელიც განსხვავებული და იმავდროულად, ძალიან საინტერესო იყო. აღმოჩენების პროცესი გრძელდებოდა, ხიბლი და „მოწამვლა“ კი არნახულ მასშტაბს იძენდა.

„პირველად სამცხე-ჯავახეთს ვესტუმრე და საქმეს მარტო შევუდექი. მანამდე კი, ეს თემა შეიძლება ითქვას არავის აინტერესებდა. ყველს რომ ვახსენებდი, ადამიანებს ეცინებოდათ და არასერიოზულად უყურებდნენ ამ საკითხს. უცხოელები გვიწუნებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ყველი ძალიან მარილიანია. სამწუხაროდ, ქართველი ექსპერტებისგანაც არ იყო სახარბიელო შეფასებები. მაგრამ, როგორც გითხარით, იმ საოცარ წიგნში წაკითხულით მონუსხული ისე ვიყავი და ეს ყველაფერი იმდენად შთამბეჭდავად მეჩვენებოდა, გადავწყვიტე, უკან არ დამეხია. შვიდი წლის განმავლობაში, საქართველოს თითოეულ რეგიონი მოვიარე და ჩვენი ყველის კულტურა გულდასმით შევისწავლე. სოფელ-სოფელ სიარულის დროს კი, ჭკუიდან მშლიდა ყოველი ახალი სახეობის გაცნობა, მათი ფერი, გემო და არომატი. სიარული, რომ დავასრულე, ამ თემებზე საუბარი უკვე სოციალურ ქსელებში გავაგრძელე. ყველა აღმოჩენას რაც მოძიებული მქონდა, ისე ვაფორმებდი მეც ვგიჟდებოდი და არც სხვებს ჰქონდათ კარგი დღე“.(იცნის)

სოფელ-სოფელ სიარულმა და მრავალწლიანი ძიების პროცესმა ნაყოფი გამოიღო – დაიბადა პროექტი „ქართული ყველი“. დღეს, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა Google – ც კი, ანა მიქაძეს ქართულ ყველთან აიგივებს და პირიქით. არადა, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ჭურჭლის ასლებიდან, ერთ-ერთი ყველის ჭურჭელია და ის არც მეტი, არც ნაკლები 6 000 წლისაა.

„მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 28 საუკუნის წინანდელი ექსპონატები, სადღვები და ე.წ. სარძევეები. ეს თიხის სრულყოფილი ნამუშევრებია. ყველა ნივთს ეტყობა შემქმნელ ოსტატთა გამოცდილება და დახვეწილი კულტურა. როცა, ამ ფაქტებს ვეცნობოდი, გაოცებული ვიყავი და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ქვეყანას, რომელსაც ყველის წარმოების ამდენსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მხოლოდ სულუგუნი, იმერული, გუდა და ე.წ. ქარხნის ყველი ჰქონოდა?!“.

წლები, მხოლოდ ციფრები არაა. ადამიანისთვის ის ცხოვრებისეული აღნმოჩენებისა და გამოცდილების დაგროვების კარგი შანსია, როცა ორმოცს გადაცდები, შეიძლება მიწის ყივილმა მშობლიური ქალაქიც კი მიგატოვებინოს და სოფლად გადაგასახლოს. ასე მოხდა ანას შემთხვევაშიც.

„მიწის ყივილმა და ამ საქმიანობის დიდმა სიყვარულმა სოფელ მისაქციელში გადამასახლა, სადაც პატარა საწარმოს ვაშენებ და ექსპერიმენტებს ვატარებ. 60 კვადრატული ნაგებობა, გარედან მთლიანად შემინულია და შიგნით ხელით გაკეთებული ყველის საწარმო, ქვემოთ კი ძროხების სადგომი იქნება. როგორც ჩანს, ოდესღაც აქ, საბჭოთა წლებში ფერმა იყო და დამხვდა ასე დანგრეული. ასევე, ვაპირებ ჩემი შოუ-რუმის გაკეთებას, რომელიც აუცილებლად მუზეუმის სტატუსით იქნება და სადაც მასტერკლასების გავაკეთებას შევძლებ. მოკლედ, რომ გითხრათ, ეს იქნება ეთნოგრაფიული საწარმო, მუზეუმის დატვირთვით და ნებისმიერ მსურველს არა მხოლოდ მისი მონახულების, არამედ პროცესში მონაწილეობის საშუალებაც ექნება. ვასრულებთ სათბურის მშენებლობაც. მაქვს პატარა მწყერის ფერმა. ასევე, განსაკუთრებულად ვუვლი ბოსტანს, სადაც  ნატურალური მწვანილი და ბაღჩეული მომყავს. სწორედ ახლახანს ნიორგი დავრგე. ვკალმავ ვარდისფერ რქაწითელს, რომელიც, სხვათაშორის იშვიათია, მინდა მისი დაფესვიანება და სანერგის გაკეთება. მყავს ფრინველები და ცხოველებიც, მათ შორის 4 ძაღლი და 10 ლეკვი. გამიმართლა იმაში, რომ ქვემო ქართლში ვხოვრობ, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული,  სამეურნეო სამოთხე გახლდათ. აქ მოყვანილი ბაღჩეულით კი მთელი კავშირი მარაგდებოდა“.

1 (3)აგრო ტურიზმის კერას, რომელაც ქალაქიდან სოფლად გადასული ქალი მონდომებით აშენებს, ზურგს ის ფესტივალიც უმაგრებს, რომელიც საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებით უკვე ყოველწლიურად იმართება. სტუმრები, როგორც წესი საინტერესო სანახაობის მომსწრენი ხდებიან. ოსტატების მიერ ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველი საოცრებებს ახდენს, მათზე მოთხოვნა კი დღითიდღე იზრდება.

„საქართველოში ყველის წარმოება ასწლეულებს ითვლის. ქართული ყველის ათეულობით სახეობა უნიკალურია როგორც საგემოვნო, ასევე წარმოების ტექნოლოგიის თვალსაზრისით. ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება და წარმოჩენა, რომლებიც არ კარგავენ წარმოების უძველეს, ტრადიციულ ტექნოლოგიებს და მომავალ თაობებს გადასცემენ წინაპრებისგან მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ვფიქრობ ეს ფესტივალი ამითაც უნიკალურია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის პერსპექტივა, რაც ქართულ ყველს მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად აქვს. წლევანდელ ფესტივალზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობა: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩლეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი,შუშველა, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, ყველის როლები სხვადასხვა გულსართით, შებოლილიყველი, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველისნაირი სახეობები და სხვა. ასევე, ფესტივალის ფარგლებში გავმართეთ კონკურსიც, სადაც წლის ყველის მწარმოებელი რეგიონი და ხალხის რჩეული ყველი გამოვლინდა“.

ყველზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება, მასზე უგონოდ შეყვარებული ქალი, ამ საქმეს ოპტიმისტურად უყურებს და ფიქრობს, რომ 3 დან 7 წლის განმავლობაში, მისი საქმიანობა კიდევ უფრო დაფასდება, მანამდე კი ისევ შეუსვენებლად იმუშავებს, რომ ქართული ყველი მსოფლიო ბრენდათ იქცეს.

დავით მაღლაფერიძე

მთავარი თემა: ბულინგი (ტერმინი “ბულინგი” ნიშნავს ფიზიკურ და/ან ფსიქოლოგიურ ტერორს, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ბავშვების ჯგუფის მიერ).
რამდენად სერიოზულად დგას ბავშვებში ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტერორის პრობლემა საქართველოში?
დღეს, გადაცემაში “ვუსმენთ ერთმანეთს”, 17:10 საათიდან.
სტუმრები სატელეფონო ჩართვით: ▸ ფსიქოლოგი ლევან ზარდალიშვილი; ▸ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი – მარიამ კორკოტაძე;
დაგვირეკეთ და დააფიქსირეთ აზრი ☏ 292 11 88 / 292 11 99

წამყვანი: ნინო მეუნარგია
პროდიუსერი: დავით მაღლაფერიძე

გადაცემა „ვუსმენთ ერთმანეთს“

წამყვანი: ნინი ხუგაშვილი
პროდიუსერი: დავით მაღლაფერიძე

თემა: ტოლერანტობა

ინტერაქტივის შეკითხვა: ვართ თუ არა ტოლერანტულები?

დღეს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

სატელეფონო ჩართვები:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი 17:10

სახალხო დამცველის წარმომადგენელი კობა ჩოფლიანი 17:20

„მედიის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარე

თამარ კინწურაშვილი 17:35

1

სამი წელია რაც საქართველოში ცხოვრობს. ბაქოდან თბილისის დასათვალიერებლად გადმოსული, ჩვენი ქვეყნის სილამაზემ ისე მოხიბლა, რომ სამუდამოდ აქ დარჩენა გადაწყვიტა. ამბობს, რომ მეტი სიმწვანეა და აზიური არქიტექტურაც საინტერესოდ ერწყმის ევროპულს. ლონდონის ნაცრისფერ ამინდს გამოქცეულმა კი თავი, ძველ თბილისს შეაფარა. თუმცა, ქვეყნის შეცვლა მხოლოდ ამინდით არ იყო განპირობებული.

ჯოზეფ სმიტი

ბრიტანელი ჟურნალისტი

„სიმართლე გითხრათ, ლონდონის მიტოვება ყოველთვის მინდოდა, რადგან, ახალგაზრდებისთვის ძალიან დამღლელი ქალაქია. თან, პროფესიით ბიბლიოთეკარი ვარ და ლონდონის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, მაგრამ პროფესიის შეცვლის შემთხვევაში სამსახურის მოძებნა და თავის დამკვიდრება ძალიან გამიჭირდებოდა, არადა მინდოდა ძალები სხვა მიმართულებითაც მომესინჯა. მაინტერესე
ბდა ჟურნალისტიკა, თუმცა ვხვდებოდი, რომ ამის განხორციელება არარეალური იყო, რადგან ჩემი მეგობრები, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობდნენ, იქ ლამის ბავშვობიდან იყნენ და მე,  პროფესიის გამოცვლის არანაირი შანსი არ მქონდა. საქართველოში, ამ მხრივ საქმე სულ სხვაგვარადაა, თან აქ უცხოელებს პატივისცემით ეპყრობიან. მოკლედ, აქ მეტი თავისუფლებაა და ეს ძალიან სასიამოვნოა“.

სამი წელი, მხოლოდ ახალ ქალაქში ცხოვრებას არ სწავლობდა, ამ ხნის განმავლობაში, ის ქართულში ისე მეცადინეობდა, რომ ახლა თავისუფლად, თითქმის უშეცდომოთ საუბრობს, იმ ,როგორც თავად ამბობს, ურთულეს ენაზე, რომლის გრამატიკასაც ჯერ ვერაფერი გაუგო. ქვეყნის სიყვარულმა კი, მის მეგობართან ერთად დოკუმენტური ფილმის გადაღებაც გადააწყვეტინა, რომელიც თუშეთზე იქნება და ძველ მითებსა და ლეგენდებს გააცოცხლებს. მისტიურმა ინსპირაციამ და მთის გასაო4ცარმა ველურმა ბუნებამ ნაყოფი უკვე გამოიღო – გადაღებები დაწყებულია, თუმცა, ვიდრე ფილმის პრეზენტაცია შედგება, მისი ყოვედღიურობა მაინც პროფესიული ცხოვრებით შემოიფარგლება.

 „ადრე ინგლისურს ვასწავლიდი, შემდეგ ჟურნალისტიკის სწავლით დავინტერესდი და როგორც იტყვიან, თავიდან დავიწყე. თავდაპირველად, რადგან ინგლისურენოვანი ვიყავი, „GEORGIA TODAY“ – ში ვწერდი სტატიებს, მაგრამ იმდენად არასერიოზული და ძალიან დაბალი ანაზღაურება იყო, თავის რჩენას კი არა, მგზავრობის ხარჯებსაც ვერ ვფარავდი. ახლა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, რომელის ფოკუსიც გარემოსდაცვით საკითხებზეა გამახვილებული“.

საქართველოს მოქალაქეობა ძალიან უნდა. 2 წლის წინ კი მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. გული წყდება, მართალია, არავინ ავალდებულებს, თუმცა, გადასახადებს მაინც იხდის და როგორც თავად ამბობს, უნდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ქვეყნის მთავრობა მასაც ემსახუროს. რაც შეეხება ოჯახს…

„დამოუკიდებლად გავიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი მენატრება, არ ვთვლი საჭიროდ მათთან ერთად ყოველდღიურ ცხოვრებას, წელიწადში 2 ჯერ მაინც ჩავდივარ, მომავალ წელს კი, ისინი ჩამოდიან. არც კი იციან სად არის საქართველო და მინდა ამ ქვეყნის შესახებ მეტი ვანახო და ველაპარაკო. პირველი რასაც გავასინჯებ ხინკალი იქნება და რაც შეეხება ექსკურსიას, პირველ რიგში, იმ სიმწვანეს ვანახებ, რომლითაც ეს ქვეყანა ასე მდიდარია, სიმართლე გითხრათ ამან გადამაწყვეტინა აქ დარჩენა, იმიტომ რომ ბაქოსთან შედარებით, სადაც ვმუშაობდი, აქ ნამდვილი ბედნიერებაა, მახსოვს, ლესელიძის ქუჩით, პირველად, რომ ვნახე, როგორ მოვიხიბლე, მასში ნამდვილად იკითხება სული და ძალ3იან ცოცხალი ორგანიზმის შთაბეჭდილებას ტოვებდა“.

ისევ ამინდზე და ცოტა სამზარეულოზეც…

„ლონდონში სულ წვიმს, შეიძლება ისე გავიდეს 3 თვე მზე ვერც დაინახო, აქ კი სრულიად განსხვავებული კლიმატია. რაც ძალიან მომწონს. ამინდზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სამზარეულო. ძალიან მომწონს ქართული კერძები, განსაკუთრებით „შქმერული“, თუმცა, რესტორნებში ნაკლებად დავდივარ, რადგან კერძებს შინ ვაკეთებ, სულ ახლახანს უგემრიელესი მწნილიც კი გავაკეთე“.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ლონდონშიც, რუსულ ეკლესიაში ხშირად დადიოდა, აქ მისი ცხოვრება ამ მხრივაც შეიცვალა. ტაძარში მას უკვე თავისი სტატუსი აქვს და ეს საქმეც ძალიან ხიბლავს.

„სტიქაროსანი ვარ. ვერაზე, ლურჯ მონასტერში იმართება ინგლისურენოვანი წირვები. შარშან, ამერიკიდან ჩამოვიდა ერთი მართმადიდებელი მღვდელი და შაბათობით წირავს. მან შემომთავაზა მეკეთებინა ეს საქმე და მეც სიამოვნებით დავთანხმდი“.

წესრიგი, რომელსაც თავი დააღწია და ხედი, რომელზეც გიჟდება

„ვორონცოვის მაღლა ვცხოვრობ, იმდენად ლამაზი ხედი მაქვს ფანჯრიდან – მთაწმინდას, ნარიყალას, ქართლის დედას უყურებს ჩემი სახლი, რომ სიმართლე გითხრათ, ამის შემდეგ არაფერი ბრიტანული არ მენატრება, მათ შორის არც ის განთქმული წესრიგი, რომელიც ასე მოსწონთ ლონდონში, პირიქით, მისი ნაკლებობა, ხანდახან მეხმარება კიდეც (იცინის)“.2

მართალია მეზობლები ყოველდღე ეკითხებიან – ცოლი როდის მოგყავსო, მაგრამ ოჯახის შექმნას ჯერ არ აპირებს. მეტიც, ვერ ხვდება რატომ ინტერესდებიან მისი პირადი ცხოვრებით ასე და ფიქრობს, ნეტავ, ხომ არ ვეცოდები სახლში მარტო, რომ ვარ და იმიტომ ნერვიულობენო. არადა, როგორც თავად ამბობს, ყველა საოჯახო საქმეს თავს წარმატებით ართმევს, 30 წლის არის და დაოჯახებას არ ჩქარობს, თუმცა, თუ გამოჩნდება გოგო, რომელიც მას, პირველ რიგში, ლონდონში დაბრუნებას არ მოსთხოვს, შეიძლება დაფიქდრეს კიდეც, მანამდე კი ტკბება თავისუფლებით და ცდილობს იმ ტრადიციებსაც ჩასწვდეს, რომელიც ყველგან თვალში ხვდება.

„სუფრის ტრადიციები მომწონს, ქართული სადღეგრძელოებიც ძალიან საინტერესოა. თუმცა, ხანდახან, რომ არ სრულდება ნერვებიც მეშლება. ძალიან კარგია ის, რომ ქართველი ფიქრობს ენაზე, მამულზე და სარწმუნოებაზე, ბრიტანელები კი უფრო გლობალური საკითხებზე. მხიბლავს ისიც, რომ ეს ქვეყანა ასეთი მრავალფეროვანია ეთნიკურად და ამას თავისი ასახვა აქვს კულტურაზე“.

საქართველოზე შეყვარებული 30 წლის ჯოზეფ სმიდტი, როგორც თავად ამბობს საქართველოში მთელი ცხოვრება დარჩებოდა, საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური თუ გამოუჩნდება. მართალია, ბევრი რამ უკვე ნახა და გაიმშობლიურა, მაგრამ დასათვალიერებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მოსწონს ქართველების სტუმართმოყვარე და თბილი ბუნება, იუმორიც კი, რომელიც ბრიტანულისგან ძალიან განსხვავდება და მზე, რომელსაც აქედან სულ შეგიძლია ხედავდე…

ბევრი გინახავთ ლონდონიდან თბილისში გადმოსახლებული? ჯოზეფმა ეს არჩევანი უკვე გააკეთა და თან, ბედნიერია!

დავით მაღლაფერიძე

გადაცემა „ვუსმენთ ერთმანეთს“ 10.11.2015

წამყვანი: ნინი ხუგაშვილი
პროდიუსერი: დავით მაღლაფერიძე

თემა: გენდერული თანასწორობა

ინტერაქტივის შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გენდერული თანასწორობა დაცული ჩვენს ქვეყანაში?

სატელეფონო ჩართვები:

ელენე რუსეცკაია 17:10

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

თამარ საბედაშვილი 17:20

გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მარინა თაბუკაშვილი 17:30

ფონდი „ტასო“

tika2აქტიური ადამიანის ცხოვრება მრავალფეროვანია, თუმცა, ის განსაკუთრებით საინტერესო მაშინ ხდება, როცა ზუსტად იცი რა გინდა და მიზნისკენ მიმავალ გზას თითქმის უშეცდომოთ გადიხარ. იყო ქალი და მართავდე არაერთ კომპანიას, დიდ შრომასთან ერთად, იმ ნებისყოფასაც მოითხოვს, რომელიც ლიდერის თვისებების აუცილებელი ატრიბუტია. ცივ გონებაზე საკითხის გადაჭრა კი, ყველაზე თბილი და სასურველი საქმის წარმატების გარანტიაა.

„და… ქალი“ ფინჯან ყავაზე სასაუბროდ განსაკუთრებულ ქალბატონთან გპატიჟებთ. ეს არაფორმალური მასტერკლასი კი, გვერწმუნეთ, ახალ აღმოჩენებს ნამდვილად გაგაკეთებინებთ.

თიკა რუხაძე

კომპანიების – „ეისითი“ ჯგუფის, „გროუინის“ და ბიზნეს ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ დამფუძნებელი

რას ნიშნავს იყო საქმიანი ქალი

„იცით რას ნიშნავს იყო ჩვენს ქვეყანაში საქმიანი ქალი? ვიდრე ამ სტატუსს მიიღებდე გადატანილი გქონდეს დიდი ბრძოლა, თუნდაც საკუთარ თავთან და სტერეოტიპების მსხვრევის გამოცდაც წარმატებით გქონდეს ჩაბარებული. გაგიკვირდებათ და ყველა ქვეყანაში ქალებს თითქმის ერთი და იგივე რამ აწუხებთ. მუდმივი წუწუნი და ნერვიულობა იმასზე, რატომ მეტი დრო არ მოახმარე ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და როგორ მოასწრო დროის მცირე მონაკვეთში ყველაფერი, თან ამ ყველაფერთან ერთად არ დაკარგო შენი მთავარი ხიბლი – ქალურობა. ეს ემოციური ტიპის პრობლემები მსოფლიო ქალებს გვაერთიანებს და ძალიან დიდი რესურსი გვჭირდება, რომ შინაგანი ბალანსი იპოვო“.

13 წელი და დაქალების ვა-ბანკი, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა

„13 წლის წინ, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა „ეისითი“ ჯგუფი დავაარსეთ, დედაჩემის ჩათვლით, ყველას გიჟები ვეგონეთ. მამაჩემისთვის დღემდე გაუგებარია, კონკრეტულად რას ვაკეთებ. იმ სკეპტიციზმის მიუხედავად, რასაც ახლობლები ამჟღავნებდნენ, შევიკრიბეთ ოთხი მეგობარი, წამოვედით სამსახურებიდან და შევქმენით კომპანია. თავიდან სამი პატარა ოთახი გვქონდა, სადაც ხუთი კაცი ძლივს ვეტეოდით. ბუღალტერიც ვიყავი, კონსულტანტიც და იურისტიც. ჭურჭლის რეცხვაზე კი მორიგეობა გვქონდა დაწესებული, რადგან დამლაგებელის დავიქირავება არ შეგვეძლო. დღეს, კომპანიას ჰყავს 60 მუდმივი და 800 კონტრაქტზე მომუშავე თანამშრომელი. ოფისები კი 10 ქვეყანაში გვაქვს. თავიდანვე გვინდოდა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი სოლიდური კომპანია, რომელსაც, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია კი არ ჩაყლაპავდა, პირიქით, მიიღებდა საერთაშორისო სტატუსს და საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდოდა. ეს არის ჩემი ძირითადი სამსახური, თუმცა 2015 წელს, პარტნიორებთან ერთად დავაფუძნე, საქართველოში პირველი ქოუჩინგ-კომპანია „გროუინი“, რომელიც გახლავთ ერიქსონის საერთაშორისო ქოუჩინგ ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენელი ამიერკაკასიაში. იმავე წელსვე, გადაწყვიტე აქტიურად ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვლილი შემეტანა მის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით, თანამოზარეებთან ერთად, ქალთა ბიზნეს-ასოციაცია „ქალები მომავლისთვის“ შევქმენი, რომლის თავმჯდომარეც გახლავართ. საკუთარი ბიზნესის მართვის პარალელურად, 2006 წლიდან  ჩართული ვიყავი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმიანობაში, თავდაპირველად როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრი,  2013-2014 წლებში კი, როგორც საბჭოს თავჯდომარე. ასევე აქტიურად ვმუშაობ საგანმანათლებლო მიმართულებითაც – 2007 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დროს, ვკითხულობდი ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნეს სკოლაში, საერთაშორისო ბიზნესის სკოლასა და  საქართველოს უნივერსიტეტში“.

ბიზნესის კეთება vs ფულის კეთება

„არსებოს საქმეები, რომელსაც ბოლომდე დახარჯვის და გულის ჩადების გარეშეც გააკეთებ. მე განვასხვავებ ბიზესის კეთებას ფულის კეთებისგან. პირველის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რაღაც ღირებულს ქმნი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და რაშიც მომხმარებელი ფულს სიამოვნებით იხდის. რაც შეეხება მეორეს, ის შედარებით მარტივია, რადგან მასში კორპორაციული ფასეულოები არ არის“.

არც ისე ლირიული გადახვევა

„სამუშაო მაგიდაზე მუდმივად მაქვს ლეპტოპი, მობილური, კალენდარი, სადაც ყველაფერს ვინიშნავ და ფურცელი კალმისტრით, ასეთი ჩვევა მაქვს, რომ ფიქრის პროცესში ყიველთვის რაღაცას ვხატავ, მართალია გაურვეველ ფიგურებს მაგრამ, ასეთი ჩვევა მაქვს“.

საქმე სქესის გარეშე

„მთავარია იყოს მოტივირებული თანამშრომელი, თორემ სქესს სულ არ ააქვს მნიშვნელობა, თუმცა, ჩვენი პროფილი, ვგულისხმობ „ეისითი“ ჯგუფს, სადაც, ძირითადათ მარკეტინგულ და სოციალურ კვლევებს ვაწარმოებთ, მაინც ქალების საქმედ მიიჩნევა. სამწუხაროდ, მამაკაცი ინტერვიუერების ოჯახში შეშვება პრობლემაა და ამიტომ, ამ კუთხით არჩევანს სანდომიან ქალბატონებზე ვაკეთებთ. მე ვიტყოდი, რომ, შინაგანი მოწესრიგებულობით ქალი სჯობნის კიდეც მამაკაცს, თუმცა, მათ შორისაც არიან პედანტები. მამაკაცი საქმეში უფრო აგრესიულია, მაგრამ, ეს საქმისთვის კარგიც არის. მათ ბიზნეს სამყაროში შეღწევა კი, ქალისთვის საკმაოდ  რთულია. ვფიქრობ, წლების განმავლობაში ვისწავლე მამაკაცების ენა“.

თამაშის დაუწერელი წესები

„თანამშრომლობას რაც შეეხება, ყველასთან გვიწევს, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან. 13 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა ტიპის კვლევა გვაქვს ჩატარებული, თუმცა გავიხსენებ მოლდოვაში, ახლახანს წარმატებით განხორციელებულ პროექტს, რომელიც მრავალმხრივ მასშტაბური აღმოჩნდა და 2 მილიონი კონტრაქტი გახლდათ.  მთავარი ჩვენს საქმეში არის თამაშის წესი, ანუ რამდენად კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გაქვს საქმის მიმართ. ამ ურთიერთობებს არეგულირებს დაუწერელი კანონები. არსებობს ე.წ. ექსკლუზიური კონტრაქტების თემა, რაც ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ გავალდებულებს, მხოლოდ ამ კომპანიას შესთავაზო შენი სერვისი და ჩვენც გვიმუშავია ასე. კლიენტმა, შეიძლება, არ გადაიხადოს თანხა ექსკლუზიურ კონტრაქტში, მაგრამ, მასთან ურთიერთობა კომპანიისთვის იმდენად ღირებული იყოს, რომ უსიტყვოდ მოვერიდო მის პირდაპირ კონკურენტთან მუშაობასა და ერთჯერად პროექტს. ჩვენს საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, როგორიც არსებობს ექიმსა და პაციენტს შორის“.

ოქროს ზღვარი და ვარიაციები ბედნიერებისათვის

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, პირად და სამსახურეობრივ ცხოვრებას შორის ზღვარი არ მქონდა, როცა კლიენტს პრობლემა ჰქონდა, მეგონა ქვეყანა იქცეოდა, თუმცა მეექვე წელი ეს ოქროს შუალედი მოვძებნე და ეს ორი საქმე მკვეთრად გავმიჯნე. ვისწავლე, რომ არაფერი ისეთი არ გავაკეთო, რაც საკუთარი შინაგანი კომფორტის წინააღმდეგ წამიყვანს. ნებისმიერ სიტუაციაში პირველი რასაც ვაკეთებ, საკუთარ თავს ვეკითხები, ეს ხომ არ გამხდის უბედურს, თუ ასეთი მოლოდიები ვიგრძენი დელეგირებას ვცვლი და საკითხის სხვა კუთხიდან მოგვარებას ვცდილობ“.

რით განსხვავდება წარმატებული ქალი კაცისგან

„ქალს, საპირისპირო სქესისგან ის განასხვავებს, რომ საკუთარი თავით მუდმივად უკმაყოფილოა, კაცი კი, მიღწეული წარმატებებით მუდმივად ამაყობს. სხვათაშორის, ჩემი მეუღლე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც კარგად დამანახა, რომ რაღაცეები მეც მქონდა გაკეთებული. ის პირველ რიგში ჩემი მხარდამჭერია, მასაც საკუთარი საქმე აქვს და კარგად ესმის რას ნიშნავს ეს. ეს აღიარება კი, ჩემთვის დიდი სტიმული იყო და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ ყველა ქალს სჭირდება გვერდით ჰყავდეს კარგი მეგობარი, რომელიც მას გაუგებს და თანაუგრძნობს. რაც შეეხება შვილებს, რომლებიც პირველი ქორწინებიდან მყავს, ისინი უკვე დიდები გოგოები არიან და თავისი ცხოვრება აქვთ. უფროსმა სწავლა დაამთავრა და გერმანიაში მუშაობს, მეორე კი პარიზში სწავლობს“.

რა მოაქვს ასაკს…

„ასაკს მოაქვს ძალიან ბევრი სიკეთე, ნუ ნაოჭებს არ ვგულისხმობ. (იცინის) თუ ადრე მხოლოდ შავ-თეთრს ფერებს ვხედავდი, ახლა ეს პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია. თუ შეუწყნარებელი და ნაკლებად მიმტევებელი ვიყავი, დღეს ბევრად მეტი სიმშვიდე და კეთილშობილებაა ჩემში. ადამიანების მეტად დაფასება ვისწავლე. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ყველა ჩვენთაგანში უზარმაზარი პოტენციალია და მას დანახვა უნდა“.

ერთი, ორი, სამი…

„პირველი მიზანი არის ის, რომ „ეისითი“ ჯგუფი მინიმუმ 20 ქვეყანაში იყოს წარმოდგენილი. გეგმაც მაქვს დასახული, რომ ამის განხორციელება 7 წელიწადში შევძლო. მეორე მიზანია, რომ ქალთა ასოციაცია გავაძლიერო. ეს არ გახლავთ ელიტური კლუბი, მასში მეწარმე და საქმიანი ქალები არიან გაერთიანებული. მინდა ჩვენი მუშაობის მასშტაბიც გავზარდო და მეტადაც გავაქტიურდეთ. მესამე მიზანი კი, როგორც ერთხელ ჩემა შვილმა მითხრა, ის გახლავთ, რომ მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვიყოთ (იცინის)“.

დავით მაღლაფერიძე

ბორის1ხანგრძლივი ფიქრისა და მუშაობის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში, სოციალურიად აქტიური ახალგაზრდების ჯგუფი, ჩვენს ქვეყანაში პირველ საქველმოქმედო ვებ პლატფორმა Wehelp.ge – ს ქმნიან. ყველაფერი კი გაცილებით ადრე, ერთ-ერთი დამფუძნებლის პირადი ისტორიით დაიწყო

ბორის კიკნაძე

Wehelp.ge – ს დამფუძნებელი და დირექტორი

„ჩემი კლასელი ავარიაში მოყვა და მახსოვს როგორ გავერთიადით მის გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ კომპანიასა თუ კერძო ადამიანს მივმართეთ, სამწუხაროდ, არავინ დაგვხმარებია“.

საკუთარი მეგობრის სიცოცხლისთვის ბროლა, მოზარდებმა ჯერ კიდევ სკოლიდან დაიწყეს. ოპერაციისთვის საჭირო თანხის მოსაგროვებლად წასულები კი, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდენ. ერთი შეხედვით უწყინარი ქველმოქმედების სურვილი, საკმაოდ შრომატევადი და პრობლემური აღმოჩნდა. იმის, მიხვედრა, რომ სხვების მეგობრებიც ასეთ რთულ მდომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ, რთული არ იყო, ამიტომ ძალების გაერთიანება და ისეთი საქმის მოფიქრება იყო საჭირო, რომელიც ადამიანების გადასარჩენად დროსაც მოიგებდა და საბანკო ოპერაციებსაც უფრო მარტივს გახდიდა.

„საქველმოქმედო პლატფორმა Wehelp.ge, განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებს ეხმარება. ფონდი უკვე ორწელზე მეტია არსებობს. თავდაპირველად, სულ სამი ადამიანი ვიყავით. პირველად საიტისა და აპლიკაციის კეთება დავიწყეთ, რომელიც ონლიან ქველმოქმედების შესაძლებლობას განახორციელებდა. მოხალისეობრივ საწყისებზე გაერთიანებულ მეგობრებს, მალე საერთო იდეების მქონე ახალგაზრდების ჯგუფი შემოგვიერთდა და გუნდში, სამუშაო წლის ბოლოს უკვე 20 ადამიანი ვიყავით. სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებს სრულ განაკვეთზე, ანაზღაურების გარეშე მუშაობას და ეს გასაგებიც არის, ამიტომ თანამშრონელთა რაოდენობა იცვლებახოლმე, თუმცა, მნიშვნელოვან ღონისძიებეზე ყველა ერთად ვართ“.

ერთი სამუშაოს, უფრო სწორად, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ახალგაზრდები მონდომებას და საკუთარ გამოცდილებას არ ზოგავენ, რომ ქველმოქმედება ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, გადამდები იყოს, თუმცა ქართველი მოსახლეობის უმეტესობამ ორგანიზაციის შესახებ, მაშინ შეიტყო, როცა საქველმოქმედო Youtube-მარათონ „ყინულიანი წყლის გამოწვევას“ თავად ბორისი და IdeaGroup–ის დამფუძნებელი ლევან პაიჭაძე შეუერთდნენ. საქართველოში ვიდეომარათონი 2014 წლის 18 აგვისტოს დაიწყო და ფონდის ანგარიშზე 3 კვირის განმავლობაში 195 000 ლარი ჩაირიცხა. ყველას კარგად გვახსოვს როგორ გაარგრილა ამ აქციამ ის ცხელი ზაფხული და როგორ გაათბო ყინულიანმა წყალმა ბევრის ცხოვრება Wehelp.ge საშუალებით. თუმცა, ერთი აქცია ან მარათონი, ათასობით მძიმე ავადმყოფი ბავშვის გადასარჩენად არ კმარა, აუცილებელია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, მარკეტინგულ კონიუქტურას გასცდეს.

„Wehelp.ge -ს შექმნაში სპონსორები არ მონაწილეობდნენ და მთლიანი დანახარჯები დამფუძნებლებმა თავად დავფარეთ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო, ეს სტარტაპი საკუთარი სახსრებით განგვევითარებინა, არც გრანტი მიგვიღია და არც დაფინანსება. ჩვენი სპონსორები ისევ და ისევ ჩვენი მომხმარებლები არიან, ისინი გვირიცხავენ თანხას იმისთვის, რომ ვიარსებოთ. თუკი მომხმარებელს უნდა, რომ არამხოლოდ კონკრეტულ ბენეფიციარს დაეხმაროს, არამედ ფონდის საქმიანობასა და განვითარებასაც შეუწყოს ხელი, ის აკეთებს შემოწირულობას, თუმცა, უშუალო ფინანსური დახმარება კვლავაც არ გვაქვს. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივ საწყისებზე ვმუშაობდით და ვცდილობდით ჩვენი რესურსი ამ საქმეში უანგაროდ ჩაგვედო. სახელმწიფოს მხრიდანაც არანაირ დახმარებას არ ვიღებთ. პირიქით, კანონის თანახმად, თუ ბენეფიციარს 1 წლის განმავლობაში, 1 000 ლარზე მეტს ვურიცხავდით, მაშინ 20%-ით ვიბეგრებოდით. მთავრობასთან ინტენსიური მუშაობის შემდეგ, 2015 წლის იანვირიდან  კანონმდებლობა შეიცვალა და თებერვალში მოგვენიჭა სპეციალური სტატუსი, რითაც ჩვენს ბენეფიციარებს აღარ ბეგრავენ. ასევე, ვიმედოვნებ, რომ კერძო კომპანიები და დიდი ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან ჩვენით და გაიზრდება მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დონე, რითაც მრავალი ადამიანის დახმარებას შევძლებთ“.

სულ ცოტა ხნის წინ, Wehelp.ge-მ და „რადიო იმედმა“ ერთობლივ კამპანიას ჩაუყარეს საფუძველი. ყოველდღიურად, გადაცემა „ვუსმენთ ერთმანეთს“ მსმენელს ვებ პლატფორმაზე განთავსებული ბენეფიციარის ავადმყოფობის ისტორიას აცნობს და ამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქველმოქმედების კულტურის დანერგვას უწყობს ხელს.

„Wehelp.ge გაშვებიდან დღემდე, საიტზე განთავსებული იყო 63 ბენეფიციარის ისტორია, მათ დასახმარებლად გადარიცხული თანხა კი  400 000 ლარს შეადგენს. დარეგისტრირებულია 3256 მომხმარებელი, გვყავს 190 000 –ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი და 14 000-ზე მეტი აქტიური ფეისბუქ მომხმარებელი. ფონდის მისიაა გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. Wehelp.ge საზოგადოების ფართო მასებთან, აკავშირებს ბენეფიციარებს, ვისაც სამედიცინო დახმარება – ოპერაცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება. ამ პლატფორმის შექმნის მიზანი იყო გამოგვესწორებინა ხარვეზები ქველმოქმედებაში და აგვემაღლებინა ფილანტროპიის დონე საქართველოში. გვსურდა გაგვემარტივებინა შემოწირულობა, გაგვეხადა საქმიანობა გამჭვირვალე, გაგვეზარდა სანდოობა, გამოგვეყენებინა ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციურად მივდგომოდით ამ საკითს, რაც, ვფიქრობ, ნამდვილად შევძელით“.

თუ ადამიანს ეხმარები, დარწმუნებულიც უნდა იყო , რომ შენი შემოწირულობა მასთან აუცილებლად მივა, თუმცა, არც თუ ისე გამჭირვალე გარემო, ხანდახან, ეჭვების სერიოზულ საფუძველს იძლევა. Wehelp.ge ამ მხრივ გამორჩეულია, პირველი, მის სრულ ლუსტრაციას თავად ვებ პლატფორმის სპეციფიკა განაპირობებს და მეორე, მას წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან.

„ბუნდოვანება და გაუმჭირვალობა იყო ერთ-ერთი სერიოზული ხარვეზი ჩვენს რეალობაში. მე როგორც ქველმოქმედმა არ ვიცოდი ვის ვეხმარებოდი, სად მიდიოდა ჩემს მიერ გაღებული თანხა და ადამიანის გადასარჩენად კიდევ რამდენი იყო დარჩენილი. Wehelp.ge – მ მოახერხა ამ სტერეოტიპის დამსხვრევა. ყველას შეუძლია შევიდეს ვებ-გვერდზე WeHelp.ge  და ნახოს სხვადასხვა ბენეფიციარი, წაიკითხოს მათი ისტორია, დაათვალიეროს ფოტოსურათები, გაეცნოს ფინანსურ და სამედიცინო დოკუმენტაციას. ასევე იხილოს ვიდეო სიუჟეტი და თავად გადაწყვიტოს თუ ვის და რამდენით დაეხმარება. ელექტრონული ბარათით გადარიცხვისას, თანხა საიტზე მომენტალურად აისახება, იქვე ჩანს თუ რამდენი არის შეგროვებული და დარჩენილი. ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ ასევე ვასაჯაროებთ ჩვენს მიერ განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს და ყველას შეუძლია ნახოს ეს ინვოისები. ასევე, ოპერაციის შემდეგ, კვლავ მივდივართ ბენეფიციართან და ვიღებთ ვიდეოს, რომ მომხმარებელმა საკუთარი შემოწირულობის  შედეგი იხილოს“.

ქველმოქმედება ცხოვრების წესია, თუ კი Wehelp.ge – ს მონაცემებსა და საერთო სტატისტიკას გადავხედავთ, როგორც ჩანს, ამ წესით ქალები უფრო ცხოვრობენ და კაცებს საკუთარ უპირატესობას ციფრებით უმყარებენ. გუნდში, სადაც გენდერული ბალანსიც და ნოვატორული იდეების მრავალფეროვნებაც დეკლარირებულია, ახალი პროექტების და მათი განხორციელების გზებზე ფიქრობენ. დრო, მათ გამოცდილებასთან ერთად წლებასაც მატებს, ამიტომ საქმის დაწყებამდე, ჯერ თანხის მოზიდვაზე ფიქრობენ.

„მე და ჩემი გუნდი ვცხოვრობთ დევიზით – თუ შენ სხვა ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ არ ცვლი, მაშინ შენ უაზროდ კარგავ დროს. ქველმოქმედება ჩვენთვის, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ არის აუცილებელი ეს ყოველივე მხოლოდ ფულად დახმარებაზე აისახოს. ყველას გააჩნია ის რესურსები, რომელიც სასიკეთოდ შეუძლია გამოიყენოს და ამით, პოზიტიური ცვლილებები განახორციელოს სამყაროში“.

დავით მაღლაფერიძე

ქეთი4სულ თავიდან ექიმობა უნდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნის მისაღწევად გეგმებიც დასახული ჰქონდა, ერთ მშვენიერ დღეს, ერთ-ერთ ქარხანაში ლაბორატორიის აწყობა შესთავაზეს, სადაც, გერმანული ტექნოლოგიების დანერგვა ხდებოდა, მაშინ უნივერსიტეტის ბიო ქიმიისა და ბიო ტექნოლოგიისა ფაკულტეტზე სწავლობდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქირურგობაზე მეოცნებე გოგო, ღვინით ისე დათვრებოდა, რომ მისი ცხოვრების განუყიფელ ნაწილად იქცეოდა. გაგიკვირებათ და ადამიანებსაც, ღვინის მსგავსად მათი ღვინისადმი დამოკიდებულებით, გემოთი ცნობს. ამბობს რომ მშრალ ღვინოს მისთვის ბადალი არ ჰყავს, თუმცა, გემოვნებაზე, ხომ არ დავობენ.

ქეთი ჯურხაძე

ღვინის ექსპერტი, სომელიე

„სულ ვამბობ, რომ მე ღვინის ექსპერტი ვარ და არა სომელიე, იცოდე ღვინო არ ნიშნავს, რომ მისი კარგად შეფუთვა და საზოგადოებისთვის მიწოდება შეგიძლია, თუმცა, ამ მიმართულებითაც იმდენი ხანია ვმუშაობ, მეუბნებიან კარგი სომელიეც გახდიო“.

რამდენიმე საქმის კეთება კარგად გამოსდის. დილიდან, უნივერსიტეტებში ლექციები, საკუთარი სკოლის მოვლა-პატრონობა, ტრენინგები, ვორქშოფები და ბოლოს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საპატიო საქმე – ოჯახი და მისი ყველაზე პატარა წევრი 3 წლის ბარბარე, რომელსაც დედა სულ ენატრება და უფროსი ძმებისგან განსხვავებით მასთან თამაშს არაფერი ურჩევნია.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული ვარ, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავით კმაყოფილი მაინც არ ვარ. მეუღლე ძალიან მანებივრებს, მისი დახმარებით შევძელი კარიერული წინსვლა, ყველაფერში გვერდით მიდგას“.

საქმეზე საუბარი, ბევრ ნიუანს მოიცავს. ღვინის დაგემოვნებამდე, არის მთელი ეტაპი, რომელიც სკულპტუროზულ შრომას მოითხოვს. მეღვინემ კარგად უნდა იცოდეს ყველა ის ეტაპი რომელიც მას ხარისხიან პროდუქციას დაამზადებინეს, დაწყებული ნიადაგის სტუქტურით და დამთავრებული მოსავლის დაბინავებით. ამ პროცესთვის თვალის დევნება ღვინის ტურებით კარგად შეიძლება. ასეთი საქმიანი ექსკურსიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს დარგისთვისაც და ქვეყნისთვისაც, თან, უნიკალური შესაძლებლობაც გაქვს აღმოაჩინო რაღაც ახალი. თუმცა, ტურისტების სიღრმისეული დაინტერესება ამ მხრივ, საკითხის მხოლოდ ფასადურ ნაწილს ცდება და მეტ პროფესიონალიზმს ითხოვს, ეს კი, როგორც ჩანს, ჯერ ისევ პრობლემაა.

„მართალია, ვაზისა და ღვინისთვის კახეთი მართლაც დედასავით არის, მაგრამ მას, სხვა რეგიონებიც არ ჩამოუარდება. სიმართლე გითხრათ, ცოტა მწყინს კიდეც, რომ ადარებენ ერთმანეთს, ყველა კუთხის ყურძენს თავისი დამახასიათებელი გემო აქვს და ბუნებრივია, რაც უფრო მდიდარია ეს პალიტრა, მით უფრო მრავალფეროვანია არჩევანი. რაჭა, ქართლი, თუნდაც მესხეთი… უნიკალური შესაძლებლობები გვაქვს, გვქონდეს საინტერესო ტურები და ამით მოვხიბლოთ უცხოელები, თუმცა, უნდა ვიცოდეთ, ჩვენგან რას ითხოვენ ტურისტები. ხშირად მოლოდინი გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რასაც ვახვედრებთ. რასაკვირველია, შეუძლებელია ერთი ტურის განმავლობაში აჩვენო მთელი პროცესი, მაგრამ, როცა ქარხანაში მიდიხარ, სადაც გახვედრებენ 2-3 სახეობის ღვინოს, ძალიან მშრალად გიყვებიან ამა თუ იმ ისტორიას და ეს ტური დეგუსტაციასთან ერთად სრულდება ნახევარ სან ერთ საათში, ტურისტი, ცხადია, კმაყოფილი ვერ დარჩება. ფულს რაშიც იხდი, იმის საფასური პროდუქტი ან მომსახურება უნდა მიიღო. ვფიქრობ, ღვინის ტურიზმს აქვს დიდი პერსპექტივები, მაგრამ ბევრი რამ მოსაწესრიგებელი და დასალაგებელია. ამ ყველაფრის გააზრების მცდელობა იყო და შეიქმნა კიდეც სხვადასხვა სტრუქტურები. დიდ კომპანიებში, ქარხნებში, ასევე კერძო მარნებში დაიწყო ღვინის ტურიზმის განვითარება, მაგრამ ამ ყველაფერს ხშირად არ აქვს სათანადო სახე. თუმცა, ეს ალბათ უფრო ადგილობრივი მარკეტინგის პრობლემაა, ამ ტურების შეფუთვა ხდება ძალიან უბრალოდ და ხშირად ტურისტისთვის ის აღარ არის საინტერესო, ხანდახან ისიც კი მგონია ბოლომდე ჯერ კიდევ არ აქვთ გააზრებული რას ნიშნავს იყო „ღვინისა და ვაზის სამშობლო“.

ღვინის 526 სახეობა და იუნესკოს საქვეყნო აღიარება

„საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენება 8 ათასი წლის წინ დაიწყეს და ამ ტრადიციას დღემდე ინარჩუნებენ. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს უწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას. ეს კიდევ მეტ პასუხისმგებლობას გვაძლევს. ბევრს ჰქონია, რომ ღვინის დამზადება რთული სულაც არ არის, ის მოზარდივით ჭირვეულია, რომელსაც თუ სათანადოდ არ მიუდექი, ისე ვერ გამოზრდი, მისი დალევით ვერც სიამოვნებას მიიღებ და ვერც სამკურნალო შედეგებით იქნები კმაყოფილი. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს 2000 მდე სახეობიდან, საქარველოში 526 ჯიშია ცნობილი და ყველა მათგანზე საუბარი ძალიან რთულია. საფერავი და რქაწითელი ეს არის სანიმუშო მაგალითი იმისა როგორი სტრუქტურა და გემური თვისებები უნდა ჰქონდეს ღვინოს. საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში ბევრი მივიწყებული  ყურძნის ჯიშებისგან, თავიდან აღდგა  ღვინის წარმოება, მაგალითად თავკვერის, შავკაპიტოს, ჩხავერის, ალადასტურის, მუსკატის და სხვა, დაახლოებით 35 ჯიშამდეა უკვე. ზოგადად ყველა ყურძნის ჯიში და ყველა ღვინო იმ რეგიონის ხასიათს ატარებს სადაც იგი იბადება“.

ხშირად ეუბნებიან, რომ ნახევრად ტკბილ და ვარდისფერ ღვინოებს არ წყალობს, ამის მიზეზი აქვს – მისთვის ყველაზე ძვირფას მშრალ ღვინოში, მეღვინეს ხელი კარგად იგრძნობა და ამით იმაზე მეტის გაგება შეგიძლია, ვიდრე უბრალო დეგუსტაციაა. ქეთისაც ასეთი აღმოჩენები ხშირად გაუკეთებია. თავადაც ამბობს, რომ ღვინის გემოთი ადამიანის ხასიათის და ტემნპერამენტის გამოცნობაც კი შეიძლება, კოლეგა მამაკაცებისგან კი ხშირად სნემია, რომ მანდილოსნები, არომატს, ბევრად უფრო მკაფიოდ გრძნობენ. თუმცა, როგორ ჩანს მხოლოდ არომატს არ გრძნობენ ქალები მძაფრად, მათ პრობლემების დანახვის განსაკუთრებული ნიჭიც აქვთ.

„თეთრი, ვარდისფერი, წითელი,მშრალი, ნახევარდმშრალი, ნახევრად ტკბილი, ტკბილი, ცქრიალა ღვინო, ჭაჭა, ბრენდი – ეს ასორტიმენტი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის  ნამდვილად არ არის ცოტა. რადგან გვაქვს ეს ყველაფერი, მის პოპულარიზაციაზეც უნდა ვიფიქროთ. პიართან ერთად მნიშვნელოვანია სერვისის მიმართულებითაც ვიმუშაოთ. მინდა გითხრათ, რომ აქ კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე. ტურის დროს თუ მეღვინე ან გამოცდილი თანამშრომელი დაგხვდა ადგილზე კარგია, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა  სამწუხაროდ, გხვდება გამოუცდელი კადრი და საუბრობს საკითხზე, რომელიც ნაკლებად იცის და უმეტესად არ იცავს ღვინის თანმიმდევრობას. შეიძლება კომპანიის წარმომადგენელი საუბრობდეს და თავს იწონებდეს იმით, რომ ღვინოები ფრანგულ მუხის კასრში აქვთ დაძველებული, მაგრამ არ იცოდეს, რა განსხვავებაა ფრანგულ და კავკასიურ მუხის კასრებს შორის, ვერ გპასუხობდეთ რისგან მზადდება ესა თუ ის ღვინო, კუპაჟის შემთხვევაში რამდენია პროცენტულობა. თითქოს დეტალებია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია. მე სულ ვამბობ, ღვინის ტურზე როდესაც მიდის ადამიანი, მან ძალიან კარგად იცის, რა უნდა, ეს არ არის ზოგადი კულტურული ტური, რომ ჩაიარო, ნახო ძეგლი და წახვიდე. ღვინის ტური პროფესიასთან დაახლოებული ტურია, ამიტომ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია უნდა მიიღო. თუ კომპანიაში დამხვედრი მომიყვება იმას, რისი წაკითხვა ბუკლეტში ისედაც შემიძლია, ეს უკვე აღარ არის ჩემთვის ან ნებისმიერი ტურისტისთვის საინტერესო. ამიტომ გვაქვს ასეთი ტენდენცია, ერთხელ მოვა ტურისტი და მეორედ აღარ ბრუნდება უკან“.

ღვინოს სიტუაციასთან აკავშირებს. ამიტომ, იმის თქმა, ქართული ჯობია, იტალიური, ესპანური თუ ფრანგული უჭირს. შეფასება მართლაც რთულია, როცა განსხვავებულია კლიმატი, რეგიონი, ყურძნის ჯიში, ტექნოლოგიები და მეღვინეები, თუმცა, დღემდე კარგად ახსოვს როგორი განსაკუთრებული იყო, მასზე სამი წლით უმცროსი 1979 წელს დამზადებული ხიხვი, მისი საუცხოო გემო მაშინ, დარგის სიღრმისეული შესწავლის ინსპირაცია გახდა, ასეთივე წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა ბოლო დროს დაგემოვნებულმა 1983 წლის კაბერნე სოვენიონმა. ღვინოს, მხოლოდ სიძველე და ასაკი არ უხდება, აუცილებელია მისი, როგორც განსაკუთრებული აგრო კულტურის მომავლის კონკუტენტუნარიანი პოლიტიკის შექმნა.

„მიმაჩნია, რომ ვაზის სამშობლოში, ღვინის ტურიზმის პროფესიონალური განვითარებისთვის საკმარისი რესურსი არსებობს და ამის საფუძველს ჩვენი ქვეყნის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს. ეს საქმე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებულ ბიზნესად და საკუთარი კულტურის დემონსტრირების ეფექტურ საშუალებად ითვლება, ამ მხრივ, ვფიქრობ, ჩვენთან, ყველაზე დიდი პერსპექტივა სწორედ აგროტურიზმს აქვს. თუმცა, ჯერ ეს დარგი არ არის კარგად გაპიარებული და ბაზარზე გასვლაც უჭირს. ჩემი აზრით, იმას რასაც ჩვენ ღვინის ტურს ვეძახით, ეს არის აგროტურიზმის ნაწილი, რომელიც აუცილებელია ერთიან კონტექსტში არსებობდეს. თუკი ვამბობთ, რომ საქართველო ღვინის აკვანია, ეს პირველ რიგში, უნდა გულისხმობდეს  მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომ სახელმწიფოში გაღრმავდეს ღვინის განათლება და მომხმარებელმაც სწორი დამოკიდებულება გამოიმუშავოს. ეს დაგვეხმარება თუნდაც იმაში, რომ ჯეროვნად წარვუდგინოთ აქაური კულტურა და ტრადიციები უცხოელ სტუმარს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ტრადიციებთან ერთად არ უნდა განვითარდეთ, თორემ ხანდახან ტრადიციებს ისე ძლიერად ვუსვავთ ხაზს, რომ ხშირად ვფარავთ იმას, რისი გადმოცემაც გვსურს და ეს ხშირად არა სასურველად აღიქმება სტუმრისთვის. ამიტომაც არის რომ ზოგიერთი ღვინის კრიტიკოსი წერს: ჩვენ ვართ ერი რომელსაც ისე გვაქვს გამჯდარი ტრადიციები, რომ განვითარება არ გვსურს, რასაც ვერასდროს დავეთანხმები.   მიუხედავად ყველაფრისა, მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, ქართული ღვინო, ნამდვილად მოხვდება მსოფლიოს საუკეთესო ათეულში და საზოგადოებაც უფრო მეტად მზურველი და გულშემატკივარი იქნება“.

დავით მაღლაფერიძე

მაიაფიზიკა-მათემატიკის სკოლის წითელ დიპლომზე დავამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში ერთი გამოცდით მოხვდა. თუმცა, მეტიც რომ ყოფილიყო, არ შეეშინდებოდა, ამ პროცესს ბავშვობიდან შეეგუა. მაშინ არამხოლოდ კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდები ბარდებოდა, მოსწავლეები ამ საქმიანობით ყოველი სემესტრის ბოლოს კავდებოდნენ. რას იზამ, საბჭოთა განათლების სისტემას ბევრი უარყოფითი ჰქონდა, ე.წ. „ჩაწყობით“ დაწყებული და სრულიად უსარგებლო საგნების სავალდებულო დასწავლით დამთავრებული.

ფაქტია, სისტემა უნდა დანგრეულიყო და დაინგრა კიდეც.

მაია მიმინოშვილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი

„სიმართლე გითხრათ ადრე ვერც წარმოვიდგენდი, თუ ხელმძღვანელ პოსტს დავიკავებდი, თავდაპირველად მატემატიკის ჯგუფს ვხელმძღვანელობდი. ამ საქმის კეთებაც მცირე გუნდმა დავიწყეთ, სულ ოთხი ადამიანი ვიყავით, დღეს კი ეს რაოდენობა 170-მდეა გაზრდილი. ვერ გეტყვით, რომ რაღაც განსაკუთრებული უნარი გამოვავლინე, ჩვენ ამ ოთხეულმა, ვიქრობ, ერთად მივაღწიეთ წარმატებას. ძალიან ოჯახური ურთიერთობა იყო. საშტატო ერთეულის ზრდამ, ეს ახლობლური დამოკიდებულება არა თუ გაანელა, პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ დიდ ოჯახად აქცია. ძალიან მეამაყება, რომ ორგანიზაციის მიმართ, ახალმიღებულ თანამშრომელსაც, იგივე, მშობლიურის განცდა აქვს, ალბათ ჩვენი წარმატების წინაპირობაც ეს გახლავთ“.

საქმე, რუტინა, რომ არ გახდეს, აუცილებელია კორექციები ხშირად შეიტანო, ოღონდ ისე, რომ სიახლეების დაშენებით ფუნდამენტი არ დააზაინო. მის ცხოვრებაში ცენტრის საქმიანობა მნიშვნელოვანია, თუმცა იყო ერთი სუსტი წერტილიც… როცა მეტი დრო ჰქონდა, საყვარელ საქმესაც დიდ დროს ახმარდა, როგორც თავად ამბობს სალექციო მუშაობა ძალიან საინტერესოა და სტუდენტებთან ურთიერთობაც სასიამოვო, თუმცა, დღეს ეს ფუფუნება დროებით გვერდზე გადადო და საკუთარ გამოცდილებასა და ენერგიას ისევ ორგანიზაციას ახმარს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სრულიად ლოგიკურია, რომ გამოცდებთან იდენტიფიცირდება. თუმცა, მისი საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ჩვენი მეცნიერები მუშაობენ საგამანათლებლო კვლევებზე და ამ მიმართულებით ფასდაუდებელი შრომა გაწიეს. სამეცნიერო-საგამანათლებლო საფუძვლებზე დამყარებული სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, სამწუხაროდ, აკლია ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა ამისა, ჩვენი ცენტრი სახელმწიფო უწყებებს პერსონალის შერჩევაში ეხმარება, ვმუშაობთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც და ვახორციელებთ, როგორც მოსწავლეების სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას, ისე სტუდენტების თვითმმართველობისათვის მხარდასაჭერ პროგრამას, ასევე, ვმუშაობთ საერთაშორისო მიმართულების გაფართოების კუთხითაც. ჩვენი ორგანიზაცია, როგორც კონსულტანტი უკვე რამდენიმე ქვეყანას ემსახურება, სწორედ ახლა ველოდებით დელეგაციას უკრაინიდან, მათ თავად გამოთქვეს სურვილი გაგვეკეთებინა ტრეინინგი, კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების კუთხით. ასევე, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ყირგიზეთთან, კოსოვოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან“.

ახალი ტექნოლოგიები და პირველი პრეცენდენტი

„ვცდილობთ საგამოცდო მოდელში აქტიურად გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები. ის რაც გამოსაშვები გამოცდების სახით დაინერგა, სერიოზული წარმატებაა იყო ორგანიზაციისთვის. ჩვენმა ქვეყანამ შექმნა პირველი პრეცედენტი, რომელმაც ამ მასშტაბით შეძლო კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების გამოყენება. აქ არ არის საუბარი რამდენად მარტივია ბარიერის გადალახვა. გარდა იმისა, რომ ამ სქემამ სანდოობის მაღალი მაჩვენებელი მიიღო, არაერთი საერთაშორისო ორგანიცაზიის მოწონებაც დაიმსახურა, დაწყებული მსოფიო ბანკით და დამთავრებული ამერიკული თუ ჰოლანდიური ანალოგიური ორგანიზაციებით. გაჩნდა სერიოზული ინტერესი იმის შესახებ, თუ როგორ დაინერგა ეს საქართველოში“.

როცა, 2015 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებს აფასებს, ფიქრობს, რომ მთელმა პროცესმა კარგად ჩაიარა, დაწყებული გამოცდებით და დამთავრებული აპელაციით. ის, რომ 28 ათასზე მეტი სდუდენტი გვყავს, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ ცოდნის მიღება, დიპლომებზე უფრო პრიორიტეტული გახდება, ამით ყველა მოიგებს. უნივერსიტეტების დაფინანსების წესი და ავტონომიურობაც მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა, ყველაფრის მოგვარება შეიძლება, თუ რეკომენდაციებს სოფლის სკოლის მასწავლებლებისგანაც იღებ, ეს კი, თავის მხრივ, სისტემას კიდევ უფრო ჯანსაღსა და მოქნილს ხდის.

„ხშირად გვიწევს რეგიონებში სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე სიარული და ჩემთვის ეს დიდი სიამოვნებაა. გარდა იმისა, რომ ვიხიბლები ჩვენი ქვეყნის საოცარი ბუნებით, მხიბლავენ ადამიანები. ისეთი საინტერესო რჩევა ან რეკომენდაცია შეიძლება მოისმინო სოფლის მასწავლებლისგან, რომ გაოცება ვერ დამალო. ამ მხრივ უნიკალურია ყველა შეხვედრა. რაც შეეხება დიპლომების ქონის სტერეოტიპს, ეს პრობლემა ისევ აქტუალურია. დღესაც კი მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ შვილს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი აუცილებლად უნდა ჰქონდეთ, ხოლო, თუ ვერ გახდებიან სტუდენტები ეს სრულ ტრაგედიათ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დიდ ძალისხმევას ახმარს პროფესიული სასწავლებლების განვითარებას, რაც თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, თუმცა, როგორც ჩანს უნივერსიტეტის დიპლომი უფრო პოპულარულია. უმაღლესი განათლების სისტემაც, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშეა, ეს დასამალი არავისთვისაა, ვფიქრობ რომ უნივერსიტეტებს სერიოზულად უნდა შეეწყოს ხელი, თუნდაც აკადემიური დამოუკიდებლობისთვის განვითარების კუთხით. გადასახელია ის პრონციპებიც, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების მიმართ მოქმედებს. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ხარისხი და არა სტუდენტების რაოდენობა. შესაცვლელია მათი დაფინანსების არსებული მოდელიც, რომ უნივერსიტეტმა არ იფიქროს მხოლოდ შემოსავალზე“.

საყვარელმა საქმემ დაარწმუნა, რომ ბავშვობაში მიღებულმა პროფესიულმა არჩევანმა, მის კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და დღეს, ამაყობს, რომ მათემატიკოსია. ამ კონტექსტში განიხილავს საშუალო განათლების საფეხურსაც, როგორც სისტემის მთავარ ღერძს და ძალიან უნდა სკოლა ავტორიტეტული იყოს.

„ხშირად მითქვამს, რომ სკოლა სისტემის გულია. თუმცა, სამწუხაროდ, ავტორიტეტული არ არის. როცა, მთელი სისტემის გამართულობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია პრობლემების მოგვარება სწორედ ამ საფეხურიდან დაიწყოს. სკოლა უნდა უზრუნველყოფდეს მზაობას, არა მარტო უმაღლესი განათლებისთვის, არამედ მომავალი ცხოვრებისთვის. ყბადარებული თემაა, როცა რეპეტიტორების გარეშე მოსწავლე სათანადო ცოდნას ვერ იღებს, სამწუხაროდ, ეს ტენდენციები არამხლოლოდ უფროსკლასელებთან გვხდება არამედ, დაწყებით საფეხურზეც. ეს მარტივად, რომ ვთქვათ არ არის კარგი“.

რაც ამ საქმეშია, არ ახსოვს შვებულება აეღოს. განტვირთვისა და დასვენებისთვის, საკუთარი კერძო სახლიც კმარა, სადაც ეზო ყვავილებით სავსეა, ხოლო, ბოსტანში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოგყავს. როცა შვილები გურმანები გყავს, ეს უკანასკნელი მათი გულის მოსაგებად და სრულფასოვანი ოჯახური გარემოს შესაქმნელად აუცილებელი წინაპირობაა.

„ჩემთან ერთი შვილი ცხოვრობს თავისი ოჯახით. ვცდილობთ, რომ მე და სანდრომ მიუხედავად გადაღლილი სამუშაო დღისა, მაინც შევძლოთ და შინ დაბრუნებულებმა ერთმანეთს ჩვენი ამბები მოვუყვეთ. თუმცა, დროის დეფიციტის გამო ხშირად ამას ვერ ვახერხებთ. ამ გაგებით ტრადიციული ქართული ოჯახი არ გვაქვს, სამაგიეროდ ერთი ჩემი იდეა განვახორციელეთ, რომელსაც პირობითად საკვირაო ვახშამი დავარქვით. ამ დროს, ვცდილობთ, ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის სამი შვილიშვილი, მაგიდასთან ვისხდეთ. ძალიან მიყვარს სახლში ფუსფუსი, სამზარეულოში სანდროსა და ლაშას სახით კონკურენტები მყავს, გურმანები არიან და მშვენიერი ხელიც აქვთ. ტრადიციული ქართული სამზარეულოს გარდა, სადაც ძირითადათ მეგრულ კულინარიას ვწყალობთ, ხშირად გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების კერძები მომზადების მცდელობები. დაბადების დღეზე, იაპონური სამზარეულოს აქსესუარებიც კი მაჩუქეს, თუმცა, ჯერ ვერცერთმა მოვიცალეთ, რომ პრაქტიკაში გამოვიყენოთ. საკუთარი სახლის დიდი პრივილეგია ეზო და ბაღჩაა, სადაც ჩემი ხელით მომყავს არამხოლოდ მწვალინი, არამედ კიტრი, პომიდორი და თქვენ წარმოიდგინეთ ყაბაყიც კი. მცენარეებიც ჩემი სუსტი წერტილია, მაქვს არაჩვეულებრივი ყვავილების ორანჟერია, ამ ავლადიდებას კი ჩემი განუყრელი, როტვეილერის ჯიშის, ოთხფეხა მეგობრები იცავენ“.

ორი ხელმძღვანელი ქალი

„მნიშვნელოვანია, ის, რომ სამინისტროსთან და თავად მინისტრთანაც, ხანდახან განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად მუდმივ სამუშაო პროცესში ვართ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ადრე ამის ფუფუნება არ გვქონდა“.

ქალი vs კაცი

„თუ საქმე არ გიყვარს, მიზნის მიღწევა ძალიან გაჭირდება, ყველას გაგვიმართლა, რომ შევძელით ერთიანი ეროვნული გამოცდების ისეთი მოდელის შემუშავება, რომელმაც საზოგადოების დიდი ნდობა დაიმსახურა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს კამათი და ბრძოლა, რომელიც კაცს გაცილებით უკეთ გამოუვიდოდა, თუმცა, ვცდილობ ასეთი თვისებებიც ვიპოვო ჩემში“.

დავით მაღლაფერიძე

თამარიროცა, პირველი შვილი შეეძინა აგრალური უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და კათედრაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებდა. თუმცა, 5 თვის ასაკში ბავშვს ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს და დედის მომავალი გეგმები მთლიანად შეიცვალა.  მართალია, ამ მოულოდნელმა ამბავმა ოჯახს თავზარი დასცა, მაგრამ გამოსავლი მალევე მოძებნეს და დრო, რომ არ დაეკარგათ მკურნალობა დაიწყეს. რეაბილიტაციის ცენტრში სიარულსა და სპეციალისტების მუშაობას, დედის მიერ დიაგნოზის საგულდაგულოდ შესწავლაც ეხმარებოდა. ახლაც კარგად ახსოვს, ექიმების გამოწერილი წამლების დიდ ნუსხას, როგორ ხევდა და ურნაში ყრიდა. ამასობაში ბავშვიც იზრდებოდა, რომელიც საოცარ გონიერებას ავლენდა და 3 წლის ასაკში, მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, ფეხზე დამოუკიდებლად იდგა. დადგა დრო ახალ საფეხურზე გადასვლის, ეს ეტაპი საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო. შვილი საბავშო ბაღში უნდა მიეყვანა და თავად სამსახური დაეწყო.

თამარ მაღლაკელიძე

„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ რეგიონალური მიმართულების ხელმძღვანელი

„როცა გაგი საბავშვო ბაღში მივიყვანე, გამგეს ვთხოვე, პედაგოგი მენახა და მეთხოვა, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ და არავინ დაჯახებოდა, ამ დროს კი მიპასუხა, რომ ბავშვს ვერ მიიღებდნენ და სპეციალიზებულ ბაღში წავსულიყავით. ჩემდაუნებურად დავიწყე ტირილი, როცა ეზოში გამოვედი და ბავშვმა მკითხა – რა გატირებსო, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი შვილის უფლებებისთვის ბრძოლა უნდა დამეწყო. ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაინც შევძელი თანამოაზრეების შემოკრება და შშმ ბავშვების მშობლების პირველი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე“.

პირველი ფსიქო-საკორექციო ჯგუფის ჩამოყალიბებამდე საჭირო გახდა შესაძლებლობისა და მიზნების მიღწევის გეგმების კონკრეტულად დასახვა, ერთ გუნდათ შეკრულმა მშობლებმა სტერეოტიპების მსხვრევა წარმატებით დაიწყეს.

„რეაბილიტაციის ცენტრში მშობლებს ვაკვირდებოდი, ვინ იქნებოდნენ მებრძოლები, რომ გვერდით დამეყენებინა. როცა გუნდი შევარჩიე, ორგანიზაცია დავაფუძნეთ და პროექტების განხორციელებაც დავიწყეთ. პირველი რაც გავაკეთეთ, ლოგოპედიური სკოლისთვის დედა ენა დავაბეჭდინეთ, ამასთანავე ფონდებთან ვმუშაობდით და სხვადასხვა ტრეინინგში ვმონაწილეობდით, რომ მიგვეღო სათანადო ცოდნა და გამოცდილება. მოგვიანებით, დავაარსეთ პირველი ფსიქო-საკორექციო ჯგუფი, რომელიც ჯერ რეაბილიტაციის ცენტრის ბაზაზე იყო, ხოლო შემდეგ საბავშვო ბაღში გადავიდა ,ამჟამად დღის ცენტრია, სადაც მშობლებს შვილები მოყავდათ და მთელი დღე მათთან ჩვენი სპეციალისტები მუშაობდნენ, რომ უნარები განევითარებინათ. თავდაპირველად, 36 აღსაზრდელი გვყავდა, ხოლო ნულიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებს საკუთარ სახლებში ვაკითხავდით. კოლექტივი მთლიანად პროფესიონალი პერსონალისგან დავაკომპლექტეთ. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოდგა. ვმუშაობდით მშობელთა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რადგან როცა დღის ცენტრის გახსნაზე სატელევიზიო რეკლამა გავიდა, გვირეკავდნენ ადამიანები და გვეუბნებოდნენ, რომ მათ ახლობლებს აინტერესებდათ, სინამდვილეში კი ეს ახლობლები მათი შვილები იყვნენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების ეშინიათ და ამ ფაქტს მალავენ“.

დედის აქტიური მუშაობის პარალელურად, გაგიც იზრდებოდა. წარმატებით დაასრულა ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და პირველივე წელს კავკასიის ბიზნეს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მისი დასრულების შემდეგ კი, არც სამსახურის მოძებნა გასჭირვებია და ახლა იაპონელებთან ერთად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ თამარს კიდევ ორი შვილი ჰყავს, თუმცა, მასავით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა არცერთს აქვს.

„ამჟამად, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რეგიონალური მიმართულების მენეჯერი ვარ და რამოდენიმე პროექტის კოორდინატორი. როცა ტრენინგებს ვატარებთ, პირადი მაგალითები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ხშირად ვსაუბრობ ჩემს მაგალითზე და ეს კარგ შედეგებს გვაძლევს. თავად კოალიცია უამრავ საქმესაა შეჭიდებული, ის არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მისიაა ნებისმიერი ადამანისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები პოტენციალის გამოსავლენად და მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. მუდმივად ვცდილობთ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება და მასში დამკვიდრებული ტრადიციული მიდგომები ჩავანაცვლოთ თანამედროვე მიდგომებით, რაც პირველ რიგში გულისხმობს, რომ შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება, ფიზიკური გარემო და კანონმდებლობა. მასში 28 ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომელთა საქმიანობის მიმართულებები მრავალმხრივია. ერთი წლის წინ დასრულდა USAID – ის მიერ დაფინანსებული პროექტი- შეზღუდული შესაძლებლობების ადვოკატირება და მისი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გააქტიურება გახლდათ. თითოეული რეგიონიდან  ექვსი აქტიური ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც რეალურად ჩაერთვნენ პროცესებში. შევქმენით ერთგვარი ქსელი, რაც კოორდინირებლი მუშაობისა და ინფორმაციების გაცვლა-გავრცელებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. 2010 წელს, პროექტის – „საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი“, რომელიც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა შესაძლებელი გახდა დამხმარე საშუალებების წარმოება შშმ პირებისათვის, მათი საჭიროებების შესწავლითა და ინდივიდუალური მიდგომებით. შეიქმნა სოციალური საწარმო, სადაც დასაქმდა 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. პროექტის შედეგად საქართველოში დაინერგა ჯდომის კორექციისა და ეტლის მორგება-გადაკეთების უმნიშვნელოვანესი სერვისი.  2013 წლიდან კი კოალიციამ დაიწყო ელექტრო ეტლების წარმოება“.

საქართველოში შშმ პირთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა 80–იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა ქვეყანა ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტალღამ მოიცვა. 90–იანი წლებიდან ის ძირითადად საპროტესტო ხასიათს ატარებდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. თითქოს საზოგადოებაც გაიზარდა, თუმცა, მიუხედავათ, იმისა, რომ წინსვლა საგრძნობია, დაუძლეველ პრობლემად, ჯერ კიდევ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება რჩება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინსტიტუციების ჩართულობამ, მათ შორის მედიის გააქტიურებამ ეს საკითხი რაციონალურ ჭრილში უნდა გადაიტანოს, ამ კონტექსტში კი, სახელმწიფოს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის ფაქტორის გამოყენება აუცილებელია.

 „მე არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე და არც სიბრალული მჭირდება. რომ არა ჩემი, პირადი მდგომარეობა, არ ვიცი სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი. შეიძლება ითქვას, რომ გაგის პიზიკურმა მდგომარეობამ საინტერესო საქმე მაპოვნინა, რომლის გარეშეც ვეღარ წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიურობა“.

დავით მაღლაფერიძე