შშმ ბავშვების მშობლების პირველი ორგანიზაცია და ქალი, რომელმაც შვილის უფლებების დაცვა პროფესიად გაიხადა

Posted: 20/10/2015 in Uncategorized

თამარიროცა, პირველი შვილი შეეძინა აგრალური უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული ჰქონდა და კათედრაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებდა. თუმცა, 5 თვის ასაკში ბავშვს ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს და დედის მომავალი გეგმები მთლიანად შეიცვალა.  მართალია, ამ მოულოდნელმა ამბავმა ოჯახს თავზარი დასცა, მაგრამ გამოსავლი მალევე მოძებნეს და დრო, რომ არ დაეკარგათ მკურნალობა დაიწყეს. რეაბილიტაციის ცენტრში სიარულსა და სპეციალისტების მუშაობას, დედის მიერ დიაგნოზის საგულდაგულოდ შესწავლაც ეხმარებოდა. ახლაც კარგად ახსოვს, ექიმების გამოწერილი წამლების დიდ ნუსხას, როგორ ხევდა და ურნაში ყრიდა. ამასობაში ბავშვიც იზრდებოდა, რომელიც საოცარ გონიერებას ავლენდა და 3 წლის ასაკში, მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, ფეხზე დამოუკიდებლად იდგა. დადგა დრო ახალ საფეხურზე გადასვლის, ეს ეტაპი საზოგადოებაში ინტეგრაცია იყო. შვილი საბავშო ბაღში უნდა მიეყვანა და თავად სამსახური დაეწყო.

თამარ მაღლაკელიძე

„კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ რეგიონალური მიმართულების ხელმძღვანელი

„როცა გაგი საბავშვო ბაღში მივიყვანე, გამგეს ვთხოვე, პედაგოგი მენახა და მეთხოვა, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ და არავინ დაჯახებოდა, ამ დროს კი მიპასუხა, რომ ბავშვს ვერ მიიღებდნენ და სპეციალიზებულ ბაღში წავსულიყავით. ჩემდაუნებურად დავიწყე ტირილი, როცა ეზოში გამოვედი და ბავშვმა მკითხა – რა გატირებსო, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი შვილის უფლებებისთვის ბრძოლა უნდა დამეწყო. ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაინც შევძელი თანამოაზრეების შემოკრება და შშმ ბავშვების მშობლების პირველი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე“.

პირველი ფსიქო-საკორექციო ჯგუფის ჩამოყალიბებამდე საჭირო გახდა შესაძლებლობისა და მიზნების მიღწევის გეგმების კონკრეტულად დასახვა, ერთ გუნდათ შეკრულმა მშობლებმა სტერეოტიპების მსხვრევა წარმატებით დაიწყეს.

„რეაბილიტაციის ცენტრში მშობლებს ვაკვირდებოდი, ვინ იქნებოდნენ მებრძოლები, რომ გვერდით დამეყენებინა. როცა გუნდი შევარჩიე, ორგანიზაცია დავაფუძნეთ და პროექტების განხორციელებაც დავიწყეთ. პირველი რაც გავაკეთეთ, ლოგოპედიური სკოლისთვის დედა ენა დავაბეჭდინეთ, ამასთანავე ფონდებთან ვმუშაობდით და სხვადასხვა ტრეინინგში ვმონაწილეობდით, რომ მიგვეღო სათანადო ცოდნა და გამოცდილება. მოგვიანებით, დავაარსეთ პირველი ფსიქო-საკორექციო ჯგუფი, რომელიც ჯერ რეაბილიტაციის ცენტრის ბაზაზე იყო, ხოლო შემდეგ საბავშვო ბაღში გადავიდა ,ამჟამად დღის ცენტრია, სადაც მშობლებს შვილები მოყავდათ და მთელი დღე მათთან ჩვენი სპეციალისტები მუშაობდნენ, რომ უნარები განევითარებინათ. თავდაპირველად, 36 აღსაზრდელი გვყავდა, ხოლო ნულიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებს საკუთარ სახლებში ვაკითხავდით. კოლექტივი მთლიანად პროფესიონალი პერსონალისგან დავაკომპლექტეთ. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოდგა. ვმუშაობდით მშობელთა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება იყო, რადგან როცა დღის ცენტრის გახსნაზე სატელევიზიო რეკლამა გავიდა, გვირეკავდნენ ადამიანები და გვეუბნებოდნენ, რომ მათ ახლობლებს აინტერესებდათ, სინამდვილეში კი ეს ახლობლები მათი შვილები იყვნენ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანებს საზოგადოების ეშინიათ და ამ ფაქტს მალავენ“.

დედის აქტიური მუშაობის პარალელურად, გაგიც იზრდებოდა. წარმატებით დაასრულა ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა და პირველივე წელს კავკასიის ბიზნეს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მისი დასრულების შემდეგ კი, არც სამსახურის მოძებნა გასჭირვებია და ახლა იაპონელებთან ერთად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ თამარს კიდევ ორი შვილი ჰყავს, თუმცა, მასავით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა არცერთს აქვს.

„ამჟამად, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რეგიონალური მიმართულების მენეჯერი ვარ და რამოდენიმე პროექტის კოორდინატორი. როცა ტრენინგებს ვატარებთ, პირადი მაგალითები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ხშირად ვსაუბრობ ჩემს მაგალითზე და ეს კარგ შედეგებს გვაძლევს. თავად კოალიცია უამრავ საქმესაა შეჭიდებული, ის არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის მისიაა ნებისმიერი ადამანისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები პოტენციალის გამოსავლენად და მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობა საზოგადოებაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში. მუდმივად ვცდილობთ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება და მასში დამკვიდრებული ტრადიციული მიდგომები ჩავანაცვლოთ თანამედროვე მიდგომებით, რაც პირველ რიგში გულისხმობს, რომ შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება, ფიზიკური გარემო და კანონმდებლობა. მასში 28 ორგანიზაციაა გაერთიანებული, რომელთა საქმიანობის მიმართულებები მრავალმხრივია. ერთი წლის წინ დასრულდა USAID – ის მიერ დაფინანსებული პროექტი- შეზღუდული შესაძლებლობების ადვოკატირება და მისი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გააქტიურება გახლდათ. თითოეული რეგიონიდან  ექვსი აქტიური ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც რეალურად ჩაერთვნენ პროცესებში. შევქმენით ერთგვარი ქსელი, რაც კოორდინირებლი მუშაობისა და ინფორმაციების გაცვლა-გავრცელებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. 2010 წელს, პროექტის – „საქართველოს ეტლების წარმოების ქსელი“, რომელიც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა შესაძლებელი გახდა დამხმარე საშუალებების წარმოება შშმ პირებისათვის, მათი საჭიროებების შესწავლითა და ინდივიდუალური მიდგომებით. შეიქმნა სოციალური საწარმო, სადაც დასაქმდა 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. პროექტის შედეგად საქართველოში დაინერგა ჯდომის კორექციისა და ეტლის მორგება-გადაკეთების უმნიშვნელოვანესი სერვისი.  2013 წლიდან კი კოალიციამ დაიწყო ელექტრო ეტლების წარმოება“.

საქართველოში შშმ პირთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა 80–იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა ქვეყანა ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტალღამ მოიცვა. 90–იანი წლებიდან ის ძირითადად საპროტესტო ხასიათს ატარებდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. თითქოს საზოგადოებაც გაიზარდა, თუმცა, მიუხედავათ, იმისა, რომ წინსვლა საგრძნობია, დაუძლეველ პრობლემად, ჯერ კიდევ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება რჩება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ინსტიტუციების ჩართულობამ, მათ შორის მედიის გააქტიურებამ ეს საკითხი რაციონალურ ჭრილში უნდა გადაიტანოს, ამ კონტექსტში კი, სახელმწიფოს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის ფაქტორის გამოყენება აუცილებელია.

 „მე არ მინდა ვინმეს ვეცოდებოდე და არც სიბრალული მჭირდება. რომ არა ჩემი, პირადი მდგომარეობა, არ ვიცი სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი. შეიძლება ითქვას, რომ გაგის პიზიკურმა მდგომარეობამ საინტერესო საქმე მაპოვნინა, რომლის გარეშეც ვეღარ წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიურობა“.

დავით მაღლაფერიძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s