როცა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ოთხ კაციანი ჯგუფი, რომელთაც, საკუთარი შვილების სასწავლო და სოციალური პირობები არ აკმაყოფილებდათ გაერთიანდნენ 1999 წელი იყო. მაშინ ასეთ ადამიანებს ჯერ კიდევ ინვალიდებს ეძახდნენ და დასცინოდნენ, დედები და მამები კი საკუთარ შვილებს, ალბათ იმიტომაც, რომ მათთვის, ამგვარი საზოგადოებრივი რისხვა აერიდებინათ, სახლში საგულდაგულოდ მალავდნენ. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ რეალობაში, როცა გამოსავლის გზაც კი არ ჩანდა, ხიდის გადება ძალიან რთული უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ ოთხეულმა არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და კავშირი „მშობელთა ხიდი“ დააფუძნეს, რომელმაც იურიდიული სტატუსი 2002 წლის ივნისში მიიღო.
კავშირის წევრების მთავარი მიზანი იყო განევითარებინათ შშმ ბავშვების სასწავლო და სოციალური პირობები. დღეს, ამ დიდ ოჯახს 50 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებსაც, უკვე, სისტემატიურად უტარდებათ მუსიკალური თერაპია, დრამთერაპია, არტთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგორითმიკა და ფიზიკური თერაპია. ბენეფიციარებთან, მუშაობენ პროფესიონალები, როგორც ფსიქოლოგები ასევე სპეციალური პედაგოგები და მეთოდისტები.
მანამდე კი, ყველაფერი ერთ-ერთი ბავშვის ბებიისა და შესაბამისი კვალიფიკაციის ფსიქოლოგით დაიწყო, რომლებმაც, 3 წელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინტეგრირებულ ჯგუფში იმუშავეს, სადაც შაბათ-კვირას 14 ბავშვს სიმღერასა და ხატვას ასწავლიდნენ. მალე, საგანთა რიცხვს დრამთერაპია და ფიზთერაპია დაემატა. ბავშვებსაც და მშობლებსაც მოტივაცია დღითიდღე ემატებოდათ, იზრდებოდა ჯგუფში ყოფნის მსურველთა რაოდენობაც. სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ ბიზნესმენებთან ლობირებისა და ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დაფინანსებით, სკოლის ბაზაზე „ღია სტუდია“ შეიქმნა, სადაც უკვე 41 ბავშვს სისტემატიურად უტარდებათ – მუსთერაპია, დრამთერაპია, არტთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგორითმიკა და ფიზთერაპია. ბენეფიციერებთან მუშაობას კი, მონიტორინგს მულტიდისციპლინარული გუნდი უწევს, რომელიც თავის მხრივ ექიმით, ფსიქოლოგით, პედაგოგითა და ოკუპაციური თერაპევტით არის დაკომპლექტებული.
უკვე 2014 წელს, კავშირმა, ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამართულ მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და წარმატებით განახორციელა პროექტი, რომელიც მუსიკით დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიერ პარაორკესტრის ჩამოყალიბებას გულისხმობდა და ამ „დიდი აურზაურის“ მთელი ისტორიაც აქედან იწყება.
ასე აღმოჩნდენ პარაორკესტრის მუსიკოსები – სმენადაქვეითებული, უსინათლო, აუტისტურ სპექტრში მყოფი და მობილობის შეზღუდვის მქონე მოზარდები. „მოძრაობის თეატრში“ გამართული პირველი კონცერტი კი დღემდე ყველას ახსოვს. მას შემდეგ, ამ ბავშვებს ყველგან ეძახიან და როგორც ყველა ნამდვილი ტელე ვარსკვლავი, მათაც უკვე ისწავლეს კამერებთან მუშაობა და სცენაზე მოძრაობის ხელოვნება.
პარაორკესტრის პრეისტორია
„ვიდრე პარაორკესტრი შეიქმნებოდა, ამ ბავშვებთან რვა წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. ეს იყო ყოველდღიური და სისტემატური მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს დრო, მოსამზადებელ სამუშაოებს დავუთმეთ, რომ რითმი და მეხსიერება გაგვევარჯიშებინა. შემოქმედებითი პროცესი ძალიან საინტერესოა. ცნობილი კომპოზიტორების პოპულარულ ნაწარმოებებს, ახალ, სპეციალურ არანჟირებებს ვუკეთებთ, რომ ეს ბავშვებისთვის უფრო მარტივად შესასწავლი და დასამახსოვრებელი იყოს. ყოველ გაკვეთილზე მცირეოდენი მონაკვეთი მზადდება და ასე ნელ-ნელა მივიწევთ წინ. გააჩნია განწყობასაც, თუ კარგ ხასიათზე არიან, ისე სწრაფათ ითვისებენ, რომ ხანდახან გაოცებულიც კი ვარ“ – გვიყვება პარაორკესტრის კომპოზიტორი თეა ჯინორია, რომელიც მუსიკოს ბავშვებთან დიდი ხანია მეგობრობს.
რეპერტუარზე
„რაც შეეხება რეპერტუარს, მინდა გითხრათ, რომ ეს ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული კლასიკით, მაგალითად, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, მოცარტი და დამთავრებული ქართველი კლასიკოსებით – ცინცაძე, ყანჩელი. ეს ავტორი განსაკუთრებით მოგვწონს და ბატონი გიას შემოქმედებიდან დიდი ნაწილი დამუშავებული გვაქვს. ბავშვები სრულად ჩართულები არიან კომპოზიციების შერჩევის პროცესში და ჩვენ ერთად ვუსმენთ და შესაძლებლობების მიხედვით ვანაწილებთ დავალებებს. საკმაოდ მალე ხდება ნაწარმოების შერჩევაც და განახლებაც. ფაქტობრივად, ყოველ თვე ერთ ან ორ ახალ თემას ვსწავლობთ, იქნება ეს მუსიკა კინოდან თუ ანიმაციური ფილმიდან. გვაქვს რამდენიმე ნომერი სადაც ცეკვაც იყო საჭირო და ჩვენი ბენეფიციარი ნინა მშვენივრად ასრულებს, რომელისაც არანაირი ილეთის სწავლა არ სჭირდება იმდენად ყოჩაღია“.
ეთერ მელაძე
პარაორკესტრის მუსიკალური თერაპევტი
მუსიკა, როგორც თერაპია…
„მუსიკალური თერაპია, რომ ურთიერთობის კარგი საშუალებაა ამაზე ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და მუსიკის ძალას მრავალი დანიშნულებით იყენებდნენ. ბავშვი, რომ იბადება მას ამ ჰარმონიასთან წვდომა თავიდანვე, ინსტიქტების დონეზე აქვს, ამიტომ კომუნიკაციის ეს ფორმა ძალიან შედეგიანია, ჩვენ შემთხვევაში მითუმეტეს, მუშაობაში საოცარ შედეგებს ვაღწევთ“.
სცენაზე…
„სცენაზე გასვლის წინ, როგორც ღონისძიებებზე ისე სატელევიზიო ეთერში, როგორც ყველა ბავშვი, ჩვენი მუსიკოსებიც ინდივიდუალურად განიცდიან, ზოგს ეს ემოციები მოჭარბებული აქვს, ზოგი ნაკლებად ღელავს, მაგრამ საკმარისია ინსტრუმენტებს შეახონ ხელი, რომ ყველა მშვიდდება. მათ იციან თავისი საქმე და არ ეშინიათ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს, რაიმე დავიწყებოდა. მართალია, შესწავლის პროცესი რთულია, მაგრამ თუ რამეს ერთხელ ისწავლიან, ის აღარ ავიწყდებათ. ფორმაში ყოფნისთვის კი, აუცილებელია მუდმივი რეპეტიციები“.
მაყურებლებზე
„თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი სითბოთი და სიყვარულით ხვდებიან მაყურებლები ამ ბავშვების შემოქმედებას. ისე ყურადღებით უსმენენ და აპლოდისმენტებით აჯილდოვებენ, შეუძლებელია ამ სანახაობას ემოციის გარეშე უყურო. მნიშვნელოვანია, ის რომ საზოგადოება სწორად აფასებს ამ მოზარდების ტალანტს და ისინი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს შემოქმედებას. ყველას მადლობა ვუხდი ასეთი სწორი დამოკიდებულებისათვის. მინდა გავიხსენო ერთი ღონისძიება, რომელიც სპორტის სასახლეში ჩატარდა, ეს კონცერტი შერეული იყო და სხვა მუსიკოსებთან ერთად, ჩვენი ბავშვებიც მონაწილეობდნენ, ვერ წარმოიდგენთ რა აღფთოვანებული იყო დარბაზი, როცა სცენაზე ჩვენი ბენეფიციარი იდგნენ და უკრავდნენ“.
სამომავლო გეგმებზე
„სამწუხაროდ, დეკემბრიდან პარაორკესტრი აღარ ფინანსდება, რადგან პროექტი დასრულდა. ახლა თანხის მოძიების პროცესში ვართ, ამისათვის, წერილით პრემიერმინისტრსაც კი მივმართეთ. ეს უნიკალური ორკესტრია, რომელსაც პოსტ საბჭოთა სივრცეში ანალოგი არ ააქვს და გვინდა არსებობა გავაგრძელოთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შემოვდოთ ჩვენი ინსტრუმენტები, რომელიც ამ პროექტით შევიძინეთ თაროზე, რომ აღარაფერი ვთქვა თავად ბავშვებზე, რომლებისთვისაც, ეს ჯადოსნური მუსიკალური ხელსაწყოები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად, ჩვენი საქმიანობა კი განხორციელებულ ოცნებად იქცა. ჯერ-ჯერობით კი ვმუშაობთ ანაზღაურების გარეშე, მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდება არ ვიცი“.
რთულია ასე დაასრულო ისტორია, რომელიც მხოლოდ ახლა დაიწყო, მითუმეტეს, რომ ახალი წელია… ამიტომ, მოდით ვისურვოთ, რომ 2016 ოცნებების ასრულების წელი იყოს, ამ ბავშვებს ეს უკვე აქვთ, ახლა მთავარია – ისევ დაუკრან.
დავით მაღლაფერიძე